მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი პრემიერს მოუწოდებს, NATO-ს ერთობლივი წერილით მიმართონ

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერს NATO-სა და ევროკავშირისთვის ერთობლივი მიმართვის გაგზავნის წინადადებით მიმართა.

"მინდა, დავადასტურო ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირს და NATO-ს, შიდა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა არ უნდა დარჩეს მხოლოდ შეხვედრად. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის, რომ რაღაც სახის დიალოგი აღდგა და არ დავკარგოთ დინამიკა ევროპულ ინსტიტუტებთან", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის საფრთხის ქვეშ აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს იმ ტემპს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჰქონდა.

"ეს არ უნდა უნდოდეს მთავრობას და, რა თქმა უნდა, ეს არ მინდა მე, რადგან ამ ყველაფერს მთელი წლები რუდუნებით ვაშენებდით. ახალმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ის, რასაც ვაკეთებდით და ბევრი რამ უკეთესადაც გააკეთოს. მე მხოლოდ გამიხარდება. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი მიმართვა იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, გვაღელვებს საქართველოს მომავალი, გვინდა, ყველა ერთად დავეხმაროთ ხალხს, რისთვისაც ევროპისკენ სვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს ბევრი მეგობარი ევროპაში, რომელიც ამ გზაზე გვატარებს და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს. ვუბრუნდები ჩემს წინადადებას და ვფიქრობ, შევთანხმდებით, რომ ერთობლივად მივმართოთ ევროპულ ინსტიტუტებს, მიმართვას ორივემ მოვაწეროთ ხელი - პრემიერმინისტრმაც და მე, როგორც პრეზიდენტმა. ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური კლასის ერთიანობის დემონსტრაცია. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპის ნაწილი, გვინდა NATO-ში შესვლა და ყველა განსხვავებას გვერდზე გადავდებთ, როცა საქმე საქართველოს მომავალს და სტრატეგიულ ხედვას ეხება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნული ინიციატივით ლინას ლინკევიჩუსი დღეს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც გამოვიდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის სწრაფვაზე NATO-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

პრემიერის განმარტებით, ის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევას გაითვალისწინებს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას. ვილნიუსი არის იმ სამიტის მასპინძელი ქვეყანა, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი და ლიტვას ეკისრება დამატებითი ვალდებულება, ჩვენ მივიღოთ მაქსიმუმი, რისი სურვილიც გვაქვს. მივიღეთ რჩევაც. ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე, ჩემი მხრივ, უკვე დავთანხმდი, რომ გაკეთდეს ჩვენი ერთობლივი განცხადება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები