საგარეო ურთიერთობები

'საოცნებო' მეზობლობა

საქართველოს ახალმა მთავრობამ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კონტაქტები მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაამყარა. ფაქტობრივად, მეზობელი ქვეყნების ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა და მისი მთავრობის წევრებმა საქმიანობის პირველივე დღეებში მიიპყრეს. სამთავრობო დელეგაცია, პრემიერის მეთაურობით, ორივე დედაქალაქს ესტუმრა. მხარეები არსებულ ურთიერთობებს მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა ამ ვიზიტებმა და ახალი მთავრობის განცხადებებმა თუ ქმედებებმა მეზობლებთან ურთიერთობაში გარკვეული ეჭვები და დაძაბულობაც წარმოშვა.

გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერის ამპლუაში ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გამოცემა New Times-ს მისცა, მან საქართველოში მცხოვრები სომხების შესახებ ისაუბრა. ივანიშვილის ფრაზა იმის შესახებ, რომ უკვირს საქართველოში მცხოვრები სომხების, რომლებსაც „სამშობლო გვერდზე აქვთ, მაგრამ ჩვენთან ცხოვრობენ”, ძალიან ნეგატიურად აღიქვეს როგორც საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, ისე სომხეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არტაკ ზაქარიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფრაზა ნამდვილად ითქვა, ის გაკვირვებას იწვევს და „საქართველო ქართველებისთვის პოლიტიკის რეციდივს ნიშნავს”. ივანიშვილის პრესსამსახურმა მოგვიანებით განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

ორივე მეზობელი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ყურადღება ახალი მთავრობის ერთ-ერთმა პირველმა ინიციატივამ მიიპყრო. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ახალდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის უპირობოდ აღდგენას უჭერს მხარს. ამას დადებითი რეაქცია მოჰყვა ერევანში, თუმცა ნეგატიური – ბაქოში.

როგორც სააგენტო Vesti.Az-თან საუბრისას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ფარხად მეჰტიევმა განაცხადა, ამ რკინიგზის გახსნა არა იმდენად თბილისის, სოხუმის ან მოსკოვის, რამდენადაც ერევნის ინტერესებში შედის. ეს კი, მისი თქმით, არ შეიძლება არ აშფოთებდეს აზერბაიჯანს.

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მისი მოკავშირეა”, – აღნიშნა მეჰტიევმა. შესაბამისად, მისი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზეთის გავლით მიმოსვლის აღდგენის შესახებ ბაქოს აზრიც უნდა ეკითხათ.

სააგენტო აღნიშნავდა, რომ რკინიგზის გახსნით საქართველო აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დარტყმის ქვეშ აყენებს, ვინაიდან აზერბაიჯანის მტერს – სომხეთს აძლიერებს.

კიდევ უფრო მტკივნეული გახდა ბაქოსთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 21 დეკემბრის პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გააკეთა. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, მას ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტის მიმართ „გარკვეული კითხვები აქვს” და აზერბაიჯანულ მხარესთან ამაზე მსჯელობას აპირებდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, „კითხვები” საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვის შესაძლო დაცემას შეეხებოდა ახალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, ივანიშვილმა განაცხადა,რომ აპირებს ბაქოს წინაშე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ფასის შემცირების საკითხიც დასვას.

პრემიერის განცხადებებს აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნამიგ გასანოვი გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ პროექტის ქართული ნაწილის რეალიზაციისთვის ბაქომ თბილისს 775 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. მისი განცხადებით, „აზერბაიჯანი ყოველთვის ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში და იმავეს ელის თავისი პარტნიორებისგან”.

ადგილობრივ მედიაში კი გაჩნდა აზერბაიჯანის მთავრობის ინკოგნიტო წარმომადგენლის კომენტარი იმის შესახებ, რომ ბაქო, შესაძლოა, საქართველოსთვის გაზის „ძალიან დაბალ ფასად” მიყიდვისა და საქართველოში ინვესტირების მიზანშეწონილობაზე დაფიქრდეს.

ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ ივანიშვილი უბრალოდ ვაჭრობდა, რათა გაზის ფასის შემცირებისთვის მიეღწია. ზოგიერთს კი მიაჩნდა, რომ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტის ეჭვქვეშ დაყენებით და, იმავდროულად, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედების იდეის წამოყენებით, საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთისა და სომხეთის ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.

„ბაქოსთან ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ მისი ეროვნული ინტერესებით თამაში საშიშია თავად საქართველოსთვის. ჩვენთან ეს არ გაგივათ, ბატონო ივანიშვილო”, – ასეთ კომენტარს უკეთებს თავის ანალიტიკურ სტატიაში ივანიშვილის განცხადებებს Vesti.Az.

შესაძლოა, სწორედ ამგვარი შეშფოთების ნიშანი იყო ის ფაქტი, რომ 26 დეკემბერს ბაქოს აეროპორტში საქართველოს პრემიერს მასზე დაბალი რანგის თანამდებობის პირი – ვიცეპრემიერი დახვდა. თუმცა, საბოლოოდ, პრემიერი მიღებითა და მოლაპარაკებებით კმაყოფილი დარჩა. იმის მიუხედავად, რომ მას, ფაქტობრივად, უკან დახევა და თბილისში გაკეთებული განცხადებების დეზავუირება მოუხდა.

კერძოდ, ივანიშვილმა საკუთარ განცხადებას ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შესახებ „ნაჩქარევი” უწოდა. მისი თქმით, ბაქოში ვიზიტის შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აღარ აქვს.

რაც შეეხება გაზის ფასს საქართველოსთვის, ივანიშვილს ამ შემთხვევაშიც მოუხდა იმის აღიარება, რომ ფასის შემცირების იმედი ტყუილად ჰქონდა და ვიზიტის წინ დაანონსებული ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ივანიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს გაზს 145 დოლარად აწვდის, ანუ თითქმის იმავე ფასად, რა ფასადაც – საკუთარ მომხმარებელს. შესაბამისად, გაზის ტარიფის შესამცირებლად რესურსების მოძიება მთავრობას არა აზერბაიჯანში, არამედ ქვეყნის შიგნით მოუწევს.

ივანიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტმა იგი დაარწმუნა, რომ „ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და თუ ჩვენ შორის რაიმე წვრილმანი კითხვები გაჩნდება, მათ გადაწყვეტას მეგობრულ ატმოსფეროში შევძლებთ”.

თუმცა, როგორც აზერბაიჯანული გაზეთი ზერკალო წერდა, ივანიშვილის „ბოდიშებმა” ბაქოზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. როგორც გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობთ აღნიშნავდა, საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს, აზერბაიჯანის დამოკიდებულება ქართულ ტრანზიტზე გამოიყენოს იმისთვის, რათა „საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ხარჯები ნაწილობრივ ბაქოს დააკისროს”. შესაბამისად, წერდა გაზეთი, ისმის კითხვა, რამდენად საიმედოა ასეთი „მოკავშირე”?

ისევე, როგორც აზერბაიჯანში ვიზიტამდე, სომხეთში ქართული სამთავრობო დელეგაციის გამგზავრების წინაც ორ ქვეყანას შორის არსებული ფონი თბილისის მხრიდან მოულოდნელმა განცხადებებმა გაართულა. ამჯერად საქმე 10 იანვარს, ლიტვაში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის გამონათქვამს ეხება. აზერბაიჯანულ მედიაში ფანჯიკიძის განცხადება იმგვარი ინტერპრეტაციით მოხვდა, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა – რამაც აზერბაიჯანში დადებითი, სომხეთში კი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მოგვიანებით საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მინისტრმა სინამდვილეში მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ თბილისი ვერ ჩაერევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „დისკუსიაში” მთიანი ყარაბაღის გარშემო.

ამან ინციდენტი, თითქოს, ამოწურა და 17 იანვარს ქართული დელეგაციის ვიზიტმა ერევანში დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.

სომხეთში ბიძინა ივანიშვილმა ქართულ-სომხურ ურთიერთობებს „ნორმალური, შესაძლოა კარგიც” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი იდეალური გახდება. ყველაზე რეზონანსული ერევანში ყოფნისას რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა, რომელშიც პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და დასავლეთთან საქართველოსათვის სამაგალითოა და თბილისს ერევნის „თეთრი შურით შურს”.

ქვეყნისთვის იდეალად სომხეთის საგარეო პოლიტიკის დასახელებამ, რომელიც ОДКБ-ს წევრია, თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული და არ ისწრაფვის NATO-ს წევრობისკენ, აღაშფოთა საქართველოს პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს გარეთაც ბევრს აფიქრებინა, რომ ამ განცხადებით ივანიშვილმა საკუთარი საგარეო კურსის ანონსირება მოახდინა.

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ამ განცხადებით პრემიერს სურდა ხაზი გაესვა, რომ „ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ მეზობლებთან, კარგი ურთიერთობა აუცილებელია”.

ერევანში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა აფხაზეთის რკინიგზის თემასაც, რომელიც თითქოს დავიწყებას მიეცა მას შემდეგ, რაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარის ინტერესი ამ პროექტის მიმართ ვერ დაინახა.

„რკინიგზის გახსნა შესაძლებელია”, – თქვა ერევანში ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. „რკინიგზის აღდგენა საერთო პრობლემებს უკავშირდება და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ბევრად უფრო ადრე მოხდება, თუ ყველა მხარე ნებას გამოიჩენს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთება ამ სიტყვებმაც გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადება არ ითვალისწინებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის განცხადება რკინიგზასთან დაკავშირებით, თითქოს, ზოგადი იყო და მას კონკრეტული დაპირებები არ გაუცია, სომხურმა მხარემ, როგორც ჩანს, ივანიშვილის სიტყვები ცალსახა თანხმობად მიიღო. 31 იანვარს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე „მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი არსებობს, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ”.

4 თებერვალს რუსულ გამოცემა კომერსანტში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი სარგსიანმა განაცხადა, რომ „სომხეთის ბლოკადის გარღვევა უდიდესი საქმე იქნებოდა”. მისი თქმით, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის არარსებობა უარყოფითად აისახება სომხური

საქონლის კონკურენტუნარიანობაზე. „რასაკვირველია, ოთხი მხარის თანხმობა დაგვჭირდება. მაგრამ ჩვენთან ვიზიტით საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და დამარწმუნა, რომ მიმოსვლის აღდგენა საქართველოსთვისაც მოგებიანია”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, რომელიც მანამდე ამ საკითხის განხილვაზე უარს ამბობდა, განაცხადა, რომ „ბუნდოვნად წარმოუდგენია” ასეთი პროექტის განხორციელება. თუმცა, კონკრეტული წინადადებები ამ საკითხზე „კოლექტიური მსჯელობის საგანი” უნდა გახდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერის განცხადებებს რკინიგზის გახსნის თაობაზე „ძალიან საგანგაშო” უწოდა, რადგან „ეს განცხადება არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს”. კერძოდ, პრეზიდენტის განმარტებით, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას პრაქტიკული საჭიროება აღარ ექნება. ასევე, სააკაშვილის თქმით, რკინიგზის გახსნა არსებულ ვითარებაში აფხაზეთის ოკუპაციის ლეგალიზების ტოლფასი იქნება. ამის გაკეთება, მისი აზრით, მხოლოდ დეოკუპაციის პროცესის პარალელურად შეიძლება.

„მე ვფიქრობ, რომ იმას, ვინც ამას ამბობს, და ამ ყოველივეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს სტრატეგიულ პოლიტიკურ ინტერესებზე, ან შეგნებულად ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საქართველოს დამოუკიდებლობას, მომავალს და პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის განმახორციელებლის დაკვეთით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საქართველოში სომხური ეკლესიების საკითხს, ბიძინა ივანიშვილი სომხების კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს დაჰპირდა, რომ სადავო ეკლესიების საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება. მათ რეაბილიტაციას კი ივანიშვილი საკუთარი ფონდიდან დააფინანსებს.

გარეგინ მეორემ ივანიშვილს ჯავახეთის სომეხი აქტივისტის ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლება სთხოვა, რომელიც სასჯელს იარაღის უკანონო შენახვისთვის და მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის იხდიდა. ივანიშვილმა ამ თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩახალიანის საქმე განხილვის სტადიაშია. მალევე, ვიზიტის შემდეგ, 24 იანვარს, ვაჰაგნ ჩახალიანი ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლდა.

ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმა ჩახალიანს „საქართველოს სახელმწიფოს მტერი” უწოდა, მის გათავისუფლებას კი „ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოესი წლების განმავლობაში”. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩახალიანის გათავისუფლება პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო და გამოთქვა ვარაუდი, რომ „ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად”.

ივანიშვილის ვიზიტით და მისი შედეგებით ერევანში კმაყოფილნი დარჩნენ. „შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება”, – განაცხადა სომხურ სააგენტოებთან საუბრისას სომეხმა პოლიტოლოგმა ჯონი მელიქიანმა. მისი თქმით, ამგვარი წინსვლის წყალობით, შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლურის ნაცვლად სტრატეგიულად გადაიქცეს.

სამაგიეროდ, თბილისისა და ერევნის ამგვარმა „დაახლოებამ” აზერბაიჯანელი ექსპერტების ნაწილს კატეგორიული დასკვნების გაკეთებისკენ უბიძგა. როგორც 22 იანვარს აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ განაცხადა, საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე „სრულად პროსომხური გახდა”. მან მაგალითისთვის მოიყვანა მაია ფანჯიკიძის მიერ ყარაბაღის შესახებ საკუთარი განცხადების უარყოფა, ასევე ის, რომ ივანიშვილმა ერევანში „სომხეთისათვის მისაღები პოზიცია” გააჟღერა.

როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის შემთხვევაში, საქართველოს ახალი მთავრობის მეთაურმა ნაჩქარევი თუ „არასწორად ინტერპრეტირებული” განცხადებების მიუხედავად, მათთან პოზიტიური ურთიერთობები დაამყარა და შეეცადა თითოეული ქვეყნისთვის მისი ინტერესების დაკმაყოფილების დაპირებები მიეცა. რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიოდა მეორე მეზობლის ინტერესებთან, როგორც ეს სარკინიგზო მიმოსვლის საკითხის შემთხვევაში მოხდა.

ახალმა მთავრობამ შეინარჩუნა სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და ერთობლივ პროექტებში მასთან თანამშრომლობას აგრძელებს. თუმცა, თავისი განცხადებებითა და ქცევით, ბაქოს გარკვეული ეჭვები გაუჩინა საქართველოს პერსპექტიულ საგარეო ორიენტაციასთან და ამ პარტნიორობის ერთგულებასთან დაკავშირებით.

მით უმეტეს, სომხეთისთვის გაცემული დაპირებების ფონზე, რომლებმაც ერევანში დიდი მოლოდინები შექმნა. ჩახალიანის გათავისუფლება კი გახდა მესიჯი იმ ძალებისთვის, ვინც პატრონაჟს უწევს სეპარატისტულ განწყობებს ჯავახეთში – რომ ასეთი ტიპის საქმიანობის მიმართ ხელისუფლება ამიერიდან ტოლერანტული იქნება.

ამით, შეიძლება, თბილისმა ერევნის გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვოს, თუმცა რისკის ქვეშ აყენებს როგორც საქართველოს, ასევე, მაგალითად, ყარსი-ახალქალაქის პროექტის უსაფრთხოებას, რომელიც სწორედ ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება და რომლითაც საქართველოც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ძალიან არიან დაინტერესებულნი. სომხეთი კი კონკურენტ და მის საზიანოდ მიმართულ პროექტად აღიქვამს.

რაც შეეხება რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით, ამ გეგმის განხორციელებამ, შესაძლოა, რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს. თანაც – არა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.

დღესდღეობით საეჭვოა, საქართველომ ამ პროექტით რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაშიც, ქართული ტვირთების ახალი რკინიგზით გადაზიდვას ერთბაშად დიდი მოცულობა ვერ ექნება. ცალსახად მოგებულები მხოლოდ რუსეთი და სომხეთი დარჩებიან. თანაც, ამ მარშრუტის ამოქმედება ბუნებრივად გამოიწვევს ქართული ნავსადგურების ტვირთბრუნვის შემცირებას.

თუ მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ რკინიგზის ამოქმედება ეფექტს იქონიებს კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაზე (როგორც ამას თავდაპირველად პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებდა), აფხაზური მხარის რეაქციამ ეს მოსაზრებაც გააბათილა. ფაქტია, რომ დიდი ინტერესი რკინიგზის ამოქმედების მიმართ სოხუმს არც აქამდე გამოუხატავს და, როგორც ეს ანქვაბმა აღნიშნა, ამ საკითხს არა საკუთარ, არამედ სხვა მხარეების ინტერესებს უკავშირებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც შეიძლება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან ერთად დღის წესრიგში დადგეს, რუსული სამხედრო ტვირთების ტრანზიტია. საქართველომ ამ ტრანზიტის განხორციელება 2008 წელს შეწყვიტა, თანაც როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. ფორმალურად, შესაბამისი შეთანხმება რუსეთთან თბილისმა გასულ წელს გააუქმა. თუ რკინიგზა სამოქალაქო ტვირთებისთვის აღდგა, არაა გამორიცხული, რუსეთმა ძველი შეთანხმების განახლება მოითხოვოს „დალაგების” პროცესის ფარგლებში, რადგან დღეისთვის სომხეთის რუსული ბაზების მომარაგება საქართველოს გვერდის ავლით მოსკოვისთვის რთულია. და საკმაოდ ძვირიც.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გავლით რუსეთი რკინიგზით არა მხოლოდ სომხეთს, არამედ ირანსაც დაუკავშირდება. და რომ ამ მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვა, შესაძლოა, საქართველოს დასავლელი მოკავშირეების უკმაყოფილების საგანიც გახდეს. ეს გარდა იმისა, რომ საქართველოს მეზობლებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის – აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, თავისთავად უსიამოვნო იქნება.

კომენტარები