საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საშინაო საქმეთა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინთან მისი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გაიხსენა.
პრეზიდენტის თქმით, ფიგურირებს აზრი, რომ ევროპასა და NATO-ზე უარის თქმის სანაცვლოდ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამაზე პასუხი მან თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მოისმინა.
"მაჩვენეთ ერთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, რომ რუსეთმა რამე მოგვცა ან რუსეთის ისტორიაში, როცა მან თავისი ნებით ვინმეს რამე მისცა. მე ეს კითხვა - ხომ არ მოგვცემთ ჩვენს ტერიტორიებს ამის სანაცვლოდ - ვლადიმირ პუტინს პირადად დავუსვი 50-ჯერ და 50-ჯერ მივიღე უარყოფითი პასუხი. ბოლო პასუხი იყო 2008 წლის თებერვალში, როცა მას ბოლოს შევხვდი. რომ გამოვდიოდი, კიდევ ერთხელ ვუთხარი: ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, მართალია თუ არა, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროპასა და NATO-ზე, თქვენ დაგვიბრუნებთ ტერიტორიებს? მისი პასუხი იყო ასეთი: ჩვენ არ ვცვლით თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე. ჰკითხეთ, აქ ვარ ცოცხალი მოწმე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის.
"ევროპა ჩვენი ბუნებრივი ინსტინქტია. იქ სხვადასხვა გზით უნდა შევიდეთ. სხვა ნავსაყუდელი საქართველოს არ აქვს. თანაც, ჩვენ კიდევ ახალ-ახალ გზას და კარებს გვიხსნიან. ამის მოწმეები ვართ დღეს, რისთვისაც ევროკომისარს მინდა მადლობა ვუთხრა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





