კაცი პირველი რიგიდან

ლონდონში რომ ეცხოვრა, აუცილებლად უშველებელი ინგლისური ქოლგით, კოხტად მოვარაყებული ჯოხითა და დიდფარფლებიანი ქუდით ივლიდა თეატრში. საბჭოთა იმპერიაში დაბადებული ბატონი პირველი რიგიდან კი მუდამ სამაგალითოდ მოწესრიგებულ-დავარცხნილი, მხრებში გამართული შემოდის დარბაზში და ყოველთვის პარტერის პირველ რიგში იკავებს ადგილს.

კაცს პირველი რიგიდან გარს მუდამ ახვევია ნაცნობები – ადამიანები, ვისაც საკუთარ თეატრალურ გამოცდილებასა და ნანახს უზიარებს. ის სამაგალითოდ თავდაჭერილი და გალანტურია, თუმცა თუ შემთხვევით მისი ადგილის დაკავებას შეეცდებით, არც სალანძღავ სიტყვებს მოერიდება თქვენი მისამართით.

კაცი პირველი რიგიდან ყოველთვის გულმხურვალედ აჯილდოებს საყვარელ მსახიობებს და მათ ვარდების თაიგულის ნაცვლად, სეზონური თუ მარადმწვანე მცენარეებით ანებივრებს. მისი თაიგულები ხშირად ეგზოტიკური, წიწვოვანი, კენკროვანი ხის ტოტებისგან შედგება და ფარშევანგის ან სხვა რომელიმე ფრინველის ბუმბული ამშვენებს.

რიგებს შორის მოსიარულე უბილეთო თეატრალი დედაქალაქში არცთუ დიდი ხნის წინ, უკვე მოწიფულ ასაკში გადმოვიდა საცხოვრებლად ქვეყნის პროვინციული ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნიდან – ზასტავადან და იქნებ მისმა თანამოქალაქეებმა სულაც შეიცხადონ ზასტავას კოლორიტი, ანდა მათი ქალაქის პროვინციულობა, მაგრამ იმას, რომ რიგებს შორის მოსიარულე ბატონი ერთობ კეთილშობილი, დიდსულოვანი და მგრძნობიარე ადამიანია, მის მშობლიურ ქალაქშიც დაგიდასტურებენ და დედაქალაქშიც.

არავინ იცის, როგორ მოხვდა პირველად დედაქალაქის უძველესი თეატრის კლასიკური ბალეტის სპექტაკლზე. მაგრამ რიგებს შორის მოსიარულე ბატონმა, ფაქტია, გულმხურვალედ შეიყვარა ცეკვის ეს ხელოვნება და ამიტომ მას თითქმის ყველა სპექტაკლზე, მათ შორის რომანტიკული ხანის ლირიკულ წარმოდგენებზეც ნახავთ. ის მუდამ მარტო მოდის, არასდროს აქვს ბილეთი პარტერში და თუ შემთხვევევით თქვენს ბილეთზე მითითებულ სავარძელში დაგხვდათ მოკალათებული, ათასი ბოდიშის მოხდით დაგითმობთ კუთვნილ ადგილს. პირადად არცერთ მსახიობს არ იცნობს, ამიტომ ფარდის დაშვების შემდეგ არასდროს ულოცავს საყვარელ მოცეკვავეებს წარმატებულ გამოსვლას და სპექტაკლის დასასრულს – სხვა აქტიური თეატრალებისგან განსხვავებით – კულისების ნაცვლად, პირდაპირ ავტობუსის გაჩერებისკენ მიემართება ხოლმე.

ის კი, კაცი მოსაწვევებით, ძირითადად თვალსაჩინო ადგილებში, პარტერის ან ბენუარის ლოჟებში ჩნდება. მის გვერდით ჯდომა არავის უყვარს, რადგან ხელ-ფეხს აქტიურად აყოლებს მუსიკას, კრეშენდოზე მთლად სკამიდან იწევს და ამით ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს გვერდით მჯდომს, რომელსაც ვერც კი ამჩნევს, რადგან მისი ყურადღება მთლიანად დირიჟორისკენ, ან შემსრულებლისკენ არის მიმართული. ფაქტებსა და სახელებს გამუდმებით ურევს, ამიტომ მის მელომანობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, სანამ ეს ბატონი მსტისლავ როსტროპოვიჩის კონცერტის ერთ-ერთ ძველ მოსკოვურ ჩანაწერში არ ამოიცნეს მაყურებლთა რიგებში, ასევე თვალსაჩინო ადგილას მჯდომი.

მან ყველაფერი იცის გამოჩენილი საბჭოთა მოღვაწეების შესახებ: პირადაც იცნობდა ყველას და იცის, მაგალითად, რა ხილი უყვარდა სვიატოსლავ რიხტერს, ან როგორ ხურდებოდა სცენაზე გამოსვლის წინ მაია პლისეცკაია. ვერ იტანს საყვარელი მსახიობის ან მუსიკოსის კრიტიკას და შეიძლება უშვერი სიტყვებით გამოგლანძღოთ, სიბრიყვე დაგწამოთ, თუ მასთან აღნიშნავთ, რომ მის საყვარელ რეჟისორს კარგა ხანია შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ანდა მისი კერპი 85 წლის ასაკში ისეთ ნოტებს ვეღარ იღებს, როგორც ამას 35 წლისა აკეთებდა.

ამ ბოლო დროს ისევ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცნენ თეატრალები: გასული წლის დეკემბერში ლა სკალაში ბოლო გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ დაბრუნებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცოსოპრანოს, ჩეჩილია ბარტოლის, მაყურებელმა ყალბი ნოტი არ აპატია და სტვენითა და ბუუს ძახილით შეხვდა მისი გამოსვლის მეორე ნაწილს. ხმაურმა და მწარე რეპლიკებმა დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი იძულებული გახადა, წარმოდგენა დროებით შეეჩერებინა. მიუხედავად ამისა, ბარტოლიმ წნეხს გაუძლო და კონცერტი პროგრამის მიხედვით დაასრულა.

განსხვავებით რობერტო ალანიასგან, რომელმაც 2006 წელს პირდაპირ სპექტაკლის მსვლელობისას დატოვა ჯერ სცენა, შემდეგ კი თეატრი და ეს იმ მიზეზით, რომ წინა დღეებში მიცემულ ინტერვიუში ლა საკალას პუბლიკა არცთუ დადებითად მოიხსენია. ამავე თეატრის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ პრესტიჟული ყოველდღიური გამოცემის Corriere della Sera-ს აკრედიტებული კრიტიკოსი არაკომპეტენტურობასა და არაკორექტულობაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ეს ახალი სკანდალის აგორების საფუძველი გახდა. ამ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა კოლეგა ჟურნალისტებისა და მაყურებლის მხრიდან, რომელთა თქმითაც, თეატრები არ ირჩევენ კრიტიკოსებს და არც იმის უფლება აქვთ, ვინმეს მაყურებელთა დარბაზში შესვლა აუკრძალონ, ან მიუთითონ, რა მოიწონონ და რა – არა. კრიტიკოსების აზრით, შესაძლოა, სულაც რომელიმე ფანატიკოს ბალეტომანს უკავშირდებოდეს იანვარში, მოსკოვის დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმის ფაქტიც. უცნობმა ფილინს სახეზე მჟავა შეასხა, რამაც მსოფლიო შეძრა.

მსოფლიოში თეატრს ტენდენციებს მაყურებელი კარნახობს, ხშირად ასე ბრუტალურადაც კი. საქართველოში კი, მიუხედავად კულტურის მინისტრის ყბადაღებული გამონათქვამისა: „ხალხს უნდა დავეკითხოთ”, ამ დრომდე და სულ უკითხავად ხსნიან და ნიშნავენ ქვეყნის წამყვანი თეატრების ხელმძღვანელებს. ჩვენ არც მათი მენეჯერული შესაძლებლობები ვიცით, არც სამომავლო პოლიტიკის შესახებ შეუტყობინებიათ რამე იმავე ხალხისთვის და არსებობს ეჭვი, რომ თავად ახალ მმართველებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ამის შესახებ.

ჩვენს თეატრებში ალბათ გამონაკლისის სახით თუ უნახავს ვინმეს სპექტაკლებზე პარტიტურებითა და კლავირებით მოსული მაყურებელი და მათ რიგებში ვერც ლა სკალას ტემპერამენტული ლოჯონისტებივით, ან პარიზის ოპერის პროფესიონალი კლაკერებივით გაწაფულ ბუნტისთავებს წააწყდებით. პირიქით უფრო ხდება – ბევრჯერ დაგვიკრავს დაუმსახურებელი ტაში და გვიძახია უადგილო ბრავო, მეტიც, გაჭირვებით ჩამთავრებული არია დაახლოებული მაყურებლების დაჟინებული თხოვნით ხშირად ბისზეც კი მოგვისმენია. ლეგენდები მკაცრი და მომთხოვნი ქართველი მაყურებლის შესახებ დღეს ოდნავადაც არ შეეფერება სიმართლეს, მაგრამ წერილის დასაწყისში მოხსენებული ეს ადამიანები, ისევე როგორც ბევრი მათსავით თეატრზე შეყვარებული მაყურებელი, ის ხალხია, ვისთვისაც სცენაზე ქართული თეატრის არაერთ ლეგენდასა თუ დიდ უცხოელ გასტროლიორს უთამაშია, უმღერია თუ დაუკრავს.

ადამიანები, რომლებიც თეატრით ცხოვრობენ, ამ ქვეყანაშიც არსებობენ და მათ მაყურებელთა დარბაზი არც 90-იან წლებში მიუტოვებიათ, იმ დროს, როდესაც გაყინულ პარტერში მსხდომ მაყურებელს სცენაზე მდგომი მსახიობები სჭარბობდნენ და დღესაც, მიუხედავად თეატრების დიდი ნაწილის მოუქნელი მენეჯმენტისა, ერთგულად ესწრებიან სპექტაკლებს.

ასე რომ, კარგი იქნებოდა, იმ პირებმა, რომლებიც ამ სფეროში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ ადამიანებს ხანდახან უბრალოდ ჰკითხონ მაინც, რა სურთ, ან რა მოსწონთ. აუხსნან, რას ემსახურება ცვლილებები, რა პოლიტიკის გატარებას აპირებებენ ახალი კადრები.

ესაუბრეთ მათ, რა იცით, ეგება და, მოგიწონონ კიდეც არჩევანი.

 

კომენტარები