შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გურამ დონაძე საქართველოში დაბრუნდა. იგი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. დონაძის ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ნებით დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"მე მივატოვე ჩემი პირადი საქმეები, სასწრაფო წესით წამოვედი, არ ვაპირებ დავემალო გამოძიებას. ვაპირებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. ვაპირებ თანამშრომლობას. არსად არ გავქცეულვარ. ბოლო პერიოდში არაერთხელ დავაფიქსირე ეს პოზიცია. ბრალის დეტალები ჯერ ბოლომდე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის რომ პროკურატურამ წამიყენა ბრალი და ვდებ პირობას, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. არანაირ კითხვაზე პასუხს გაუცემელს არ დავტოვებ. ვდებ იმის პირობას, რომ ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, ერთხელ და სამუდამოდ ვდებ პირობას, რომ საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებით, გაიგებს სრულ სიმართლეს"– განაცხადა გურამ დონაძემ რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული.
რუსთავი 2-თან საუბარში დონაძემ ისიც განაცხადა, რომ რობაქიძის საქმეში ბევრი ახალი დეტალი გაირკვევა."რუსთავი 2 –ის არქივში არის კადრები და სანამ მე ვინმეს დავასახელებ იქ ჩანს ვინ არის. იქ არიან მოქმედი მაღალჩინოსნებიც", - აცხადებს ბრალდებული.
გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებას დღეს, 9 თებერვალს, შეუფარდებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან დაახლოებით 50-მდე სამართალდამცავია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოსთან ხალხის გარკვეული რაოდენობა აპირებს მისვლას.





