სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილი ავტომანქანების საკითხით დაინტერესდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შსს-ს მიერ საპრივატიზაციოდ გატანილი ავტომანქანების საკითხით დაინტერესდა. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აპარატი აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.

"ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის ჯერ უცნობია, მაგრამ ამ საკითხს შევისწავლით და სწორედ ამის შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას. თუ გამოიკვეთება მტკიცებულებები, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდათ სხვადასხვა ბიზნესმენებს თუ უბრალო მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება რეკომენდაცია, გადაიდოს ან საერთოდ არ ჩატარდეს აუქციონი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო. როგორც ინტერპრესნიუსთან საუბარში, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ მათ ეს ავტომობილები უკანონოდ წაართვეს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა. 

კომენტარები