გუშინ თურქეთის დედაქალაქში, პარიზის გამზირზე, ამერიკის საელჩოს შენობათა კომპლექსის ერთ-ერთ შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტი იმ შესასვლელ ჭიშკართან მოხდა, რომლითაც საელჩოს თანამშრომლები სარგებლობენ. აფეთქების შემდეგ ისინი საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს.
ტერორისტის გარდა აფეთქებას საელჩოს დაცვის თანამშრომელი შეეწირა, რამდენიმე ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. აშშ-ის საელჩოს უმნიშვნელო ზიანი მიადგა, რადგან ბეტონის დამცავი კედლებით არის გარშემორტყმული. როგორც დღეს გაირკვა, თვითმკვლელი ტერორისტი ოცდაათი წლის თურქი მამაკაცი ეჯევიტ შანლია. ის რადიკალური მემარცხენე დაჯგუფების „რევოლუციური ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი“ წევრი იყო. 1997 წელს შანლი დააპატიმრეს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის, თუმცა 4-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
როგორც თურქეთის პრემიერმინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, ეს თავდასხმები ქვეყნის წინსვლის და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული. „ტერორიზმის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა მან.





