ოკუპირებული ტერიტორიები

ლავროვი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება აბსოლუტურად არარეალურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული მხარის პოზიცია, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ამ ტერიტორიების აღიარება, ''აბსოლუტურად არარეალურია''.

"ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რაც აბსოლუტურად არარეალურია. მოგწონთ თუ არა, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა გაამყარა. მეორე მდგომარეობა ის არის, რომ ამერიკელები ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ფლანგის ლიმიტები, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ მახსოვს, პრეზიდენტმა პუტინმა ჰკითხა პრეზიდენტ ბუშს, შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის იმის მითითება, სად და რა რაოდენობის ჯარი უნდა განგეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. ბუშმა გაიკვირვა და თქვა, რომ ამის შესახებ არ უფიქრია. უნდა არსებობდეს გზები, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა არის მშვიდად, მაგრამ ყოველგვარი ფლანგის ლიმიტების გარეშე. თუ ეს ორი მდგომარეობა ამოღებული იქნება, ჩვენ შევძლებდით მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ჩვენ დაველოდებით კარგ იდეებს ჩვენი პარტნიორებისგან და არანაირი ინიციატივით აღარ გამოვალთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ აღიარებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს ყველაფერში, მაგალითად, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქვეყანას , რომელსაც აქვს გავლენის სფერო. ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია: სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ მოკავშირეები", - განაცხადა ბაიდენმა. 

 

კომენტარები