ჩეხეთი

ჩეხეთის პრეზიდენტად მილოშ ზემანი აირჩიეს

ყოფილი პრემიერმინისტრი, მემარცხენე მილოშ ზემანი ჩეხეთის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი კონკურენტი კონსერვატორი საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი იყო. ზემანმა ხმების 54.8% მოიპოვა, შვარცენბერგმა - 45.2 %. ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით პირველად აირჩიეს. აქამდე მას პარლამენტი ირჩევდა. ჩეხეთში პრეზიდენტის როლი ნაწილობრივ ცერემონიულია.

მილოშ ზემანი კომუნისტური პარტიის წევრი იყო 1968 წლამდე. იმ დრომდე, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირი შეიჭრა. 1998-2002 წლებში კი პრემიერმინისტრი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ზემანის პრემიერმინისტრობის მიღწევად მთავარი ბანკების პრივატიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ითვლება. ოპონენტები კი აკრიტიკებდნენ მის კავშირებს ყოფილ კომუნისტ თანამდებობის პირებსა და ბიზნესმენებთან, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები.

შვარცენბერგმა დამარცხება აღიარა და ზემანს მიულოცა. თუმცა, სავარაუდოდ, ურთიერთობა მემარჯვენე-ცენტრისტულ კაბინეტსა და ახალ პრეზიდენტს შორის დაძაბული იქნება.

 

კომენტარები