ეგვიპტე

არეულობა ეგვიპტეში

ეგვიპტის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. ქვეყანაში რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებსა და არეულობაში გადაიზარდა. ათეულობით ათასი დემონსტრანტი ტაჰრირის მოედანზე პარასკევის ლოცვის შემდეგ შეიკრიბა. ისინი პრეზიდენტ მოჰამედ მორსის და მმართველ პარტია მუსლიმურ საძმოს რევოლუციის ღალატში ადანაშაულებდნენ. პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა კაიროს ერთ-ერთი მთავარი ხიდის ბლოკირება მოახდინეს და პრეზიდენტის სასახლესთან დამცავი ჯებირების დაშლას შეეცადნენ.

არეულობამ ეგვიპტეში მმართველი ისლამისტებისა და მათი სეკულარი ოპონენტების დაპირისპირება გამოამჟღავნა, რაც ეგვიპტეს ეკონომიკური კრიზისის შემდგომი გაღრმავებით ემუქრება.

არეულობა ეგვიპტეში რეგიონებსაც მოედო. ქალაქ სუეცში მთავრობა იძულებული გახდა საჯარისო ნაწილები შეეყვანა. ამ ქალაქში შეტაკებებს შვიდი დემონსტრანტის და ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. სულ ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მასობრივი შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მოხდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაშიც. მოჰამედ მორსის მშობლიურ ქალაქ შარქიიაში ხალხმა პრეზიდენტის სახლი ალყაში მოაქცია, ასევე მმართველი პარტიის ადგილობრივი ოფისი გადაწვა. შეტაკებები მოხდა ასევე პორტ-საიდსა და ისმაილიაში.

 

კომენტარები