ქართუ ბანკის საქმე

ქართუ ბანკის საქმეზე ადეიშვილს პატიმრობა, ებანოიძეს და სხვებს კი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქართუ ბანკის საქმეზე ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეუფარდა. სხვა ბრალდებულები, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე და ამ სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

 სასამართლოს განმარტებით, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები - ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული საქმიანობა, ქმედების ხასიათი, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლის და სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი. ადეიშვილის შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ქვეყნის გარეთ იმყოფება. ადეიშვილის ადვოკატის თქმით, აღმკვეთი ღონისძიება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ქართუ ბანკის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2012 წლის 17 დეკემბერს გაავრცელა. შსს-ს გამოძიების მიხედვით, ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს სქემა, რომელითაც ქართუ ბანკის გაკოტრებას აპირებდნენ. გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა გაეყიდა დავალიანების მქონე იურიდიული პირის ქონება, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის იპოთეკით დატვირთული. კანონის მიღების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა ქართუ ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული რამდენიმე ობიექტი დააყადაღა, აუქციონზე მათი გაყიდვა ჩაშალა, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა და შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა კომპანიებს, რომელთაც აკონტროლებდნენ იგივე მეპატრონეები, ვისაც ქონება ჩამოართვეს.

 

 

 

კომენტარები