შსს

ბექა გოჩიაშვილი: მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს დაკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერები

წლის ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გოჩიაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 
"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფროს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს. 
საკითხის პოლიტიზირება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ Skype-ის საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეურაცხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რა შუაში იყო ერთის შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება. 
მე ძალიან გული მტკივა, რომ ამ ინციდენტის უნებლიე მონაწილე გავხდი და განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენსკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება.
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - ნათქვამია გოჩიაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ, 16 იანვარს, დაასრულა შიდა მოკვლევა ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებით, გამოიკითხა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი, რომელმაც16 წლის ჯაზმენი დაკითხა და სხვა თანამშრომლები, რომლებიც იმ დროს პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ. შსს აცხადებს, რომ გოჩიაშვილს და მის მშობელს დაკითხვისას პრეტენზია არ გამოუთქვამთ. 

კომენტარები