ჯეიმს ბიუქენანი

ჯეიმს ბიუქენანი გარდაიცვალა

გამოჩენილი ეკონომისტი ჯეიმს ბიუქენანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 1986 წელს ნობელის პრემია მიიღო, თავისი თანამედროვეებისა და სტუნდენტების შეფასებით, ბიუქენანი ძველმოდური, შრომისმოყვარე ამერიკელი იყო, რომელსაც ძალიან არ უყვარდა დაუმსახურებელი პრივილეგიები.

ბიუქენანმა, გორდონ ტულოკთან ერთად, საჯარო არჩევანის თეორია შეიმუშავა. ამ თეორიით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ პოლიტიკოსები დემოკრატიულ საზოგადოებაში უფრო კეთილშობილური მოტივებით ხელმძღვანელობენ, ვიდრე ბიზნესის ან სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები. ეს იდეა საუკეთესოდ არის შეჯამებული 1997 წელს გამოცემულ სტატიაში „პოლიტიკა რომანტიკის გარეშე.“

ბიუქენანი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამაზე სოციალისტური შეხედულებებით მოხვდა. ისიც, ისევე როგორც სოციალისტთა უმეტესობა კერძო საკუთრებაზე მეტად საზოგადოებრივ სიკეთეს აღიარებდა და დარწმუნებული იყო, რომ ადამიანების ქონებრივი უფლებების დაცვა მხოლოდ პროფკავშირებს და მსგავს ასოციაციებს შეეძლო. როგორც თავად იგონებდა, ფრენკ ნაითის ფასების თეორიის 6-კვირიანი კურსის გავლის შემდეგ, თავისუფალი ბაზრის მომხრედ ჩამოყალიბდა.

როგორც ინტერნეტგამოცემა - openmarket.org - იხსენებს, მას მერე რაც ნობელის პრემიის კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება გაახმოვანა, ბიუქენანს ჟურნალისტების მთელი ჯგუფი შემოეხვია და საჯარო არჩევანის თეორიის განმარტება სთხოვა. ისინი გაკვრივებულები დარჩნენ მარტივი პასუხით: ეს ნიშნავს ეკონომიკური აზროვნების პოლიტიკისთვის მისადაგებას. ამ თეორიის მიხედვით, პოლიტიკოსიც ისეთივე ადამიანია როგორც ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი მოქალაქე - ისიც სტიმულებზე რეაგირებს და საკუთარი ინტერესები მისთვისაც პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟურნალისტები ამ პასუხს მხრების აჩეჩვით შეხვდნენ - ეს ხომ საღი აზრია და მეტი არაფერიო. შეიძლება ასეცაა, თუმცა, დამიჯერეთ, ბევრი ეკონომისტი ასე საერთოდ არ ფიქრობსო - უპასუხა მათ ბიუქენანმა.

1950-იანი წლების ბოლოს, როცა ეკონომისტების უმეტესობა კეინსიანური მითის ტყვეობაში იყო, ბიუქენანი მას მკაცრად აკრიტიკებდა. კეინსის მიხედვით, სამთავრობო ვალი მომავალ გადამხდელებს ტვირთად არ დააწვება, თუ ქვეყნის შიგნით დარჩება ანუ იმ შემთხვევაში „თუ ჩვენი თავის მევალეები თვითონ ვიქნებით.“ ბიუქენანის აზრით, კეინსის მიდგომის ფუნდამენტური შეცდომა ის იყო, რომ მთავრობა ფულს ხელმომჭირნედ და მიზნობრივად ვერასდროს დახარჯავს, რადგან ის ყოველთვის ცდილობს ჩაერიოს თავისუფალ ბაზარზე და მისი კორექტირება მოახდინოს, ვიდრე მიიღოს საბაზრო სიგნალები და მათ ადეკვატურად უპასუხოს. ამერიკელი ეკონომისტის აზრით, სწორედ ამ სიგნალების გამოა, რომ ოჯახები და კომპანიები ყოველთვის გაცილებით უფრო ხელმომჭირნედ ხარჯავენ ფულს, ვიდრე მთავრობა.

ბიუქენანს არასდროს სჯეროდა, რომ შეცდომებზე მითითების შემთხვევაში სამთავრობო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვლებოდა, ამიტომ ის დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკოსებისთვის ხელები შეეკრა. ამისთვის მან კონსტიტუციური რეფორმაც კი ჩამოაყალიბა, რადგან სჯეროდა, რომ თუ კერძო ბაზრების უფლებებს კონსტიტუცია არ დაიცავდა, მაშინ მთავრობა მას აუცილებლად დაახრჩობდა და ამით ადამიანების თავისუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა.

ბიუქენანი ტენესის შტატში დაიბადა და თავისი აკადემიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი ვირჯინიის უნივერსიტეტში გაატარა. შემდეგ ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და სულ ბოლოს, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. 1969 წელს ამერიკელი ეკონომისტი საჯარო არჩევანის შესწავლის ცენტრის პირველი დირექტორი გახდა. 1963 წელს სამხრეთული ეკონომიკის ასოციაციის, ხოლო 1983-84 წლებში - დასავლური ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1971 წელს ამერიკული ეკონომიკის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

საჯარო არჩევანის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რატომ არ არის საკმარისი კარგი განზრახვები მთავრობის თავისუფალ ბაზარზე ჩარევის გასამართლებლად. თუკი ნამდვილად გვინდა გავერკვეთ, თუ რატომ ვერ მოახერხეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა ათწლეულების მანძილზე ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სიღარიბისგან დახსნა, საჯარო არჩევანის თეორია და ბიუქენანის შრომები ამაში ნამდვილად დაგვეხმარება.

 

კომენტარები