პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით აღვლენილ საკვირაო ლიტურგიაზე, პატრიარქმა ილია მეორემ, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი მინანქრის ხატით დაასაჩუქრა.
კათოლიკოსმა პირადი ღვაწლის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება, დავით წინასწარმეტყველის თავმდაბლობას შეადარა. მისი განცხადებით: "დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა დავითისა. და ჩვენ შევთხოვთ წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და აი, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის დიდებას უფლის ძალით და მადლით. დავით წინასწარმეტყველმა როცა გაამთლიანა ისრაელი და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს. მან გააჩერა მსვლელობა ხალხისა და უთხრა, უფალი მეფობს, მე კი არ ვმეფობ, უფალი მეფობს. და აი, როცა აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღები, როცა ამბობენ, რომ თითქოს მე რაღაცა გავაკეთე, მე ვიმეორებ, უფალი მეფობს და უფალი აკეთებს.
ამის შემდეგ მან მსოფლიო პატრიარქს მიმართ: "მე მადლობელი ვარ, რომ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა და ჩამობრძანდით, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენ ბრძანდებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი და დიდია თქვენი დამსახურება ქვეყნის, მსოფლიოს წინაშე და ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე მოგართმევთ დავით წინასწარმეტყველის ხატსა, რომლის დღესასწაულიც დღეს არის. მინანქრით შესრულებული".





