"ვისურვებ წლევანდელი წლისთვის, არ დავუშვათ იმ ყველაფრისთვის ძირის გამოთხრა, რასაც წლების განმავლობაში რუდუნებით ვაშენებდით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში, შობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული, პატრიარქს კი იუბილე მიულოცა.
"თითოეულ ჩვენგანს ვუსურვებ, ყოველ ახალ წელს ვხვდებოდეთ უკეთესი განწყობით, ყოველ შობას - მეტი ოპტიმიზმით. არ დავუშვათ ის ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან, არ დავუშვათ ქვეყნის უკან დაბრუნება და წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. შობა ეს არის მომავლის ზეიმი. ჩვენ აღარასოდეს უნდა დაგვაბრუნონ წარსულში, უნდა დაგვეხსნას წარსული და გაგვიშვას მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს ამ მხრივ სერიოზული გამოწვევები აქვს.
"მე ვარ რეალისტი და ამავე დროს ვარ ოპტიმისტი. მიმაჩნია, რომ დროებით სიძნელეებს გადავლახავთ, ყველა შესაძლო რისკს საქართველო გვერდზე გაწევს და გააგრძელებს განვითარებას, რადგან ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს, ჩვენი მომავალი ამას გვავალებს და ჩვენი შვილების მომავალი ამას შესაძლებელს გახდის. ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი
სააკაშვილი: არ დავუშვათ ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან





