საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო 18 ელჩის გამოწვევას აპირებს. ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში ის ელჩები გამოიწვია, ვისაც როტაციის ვადა გასდიოდათ და ეს ყველაფერი პოლიტიკისგან დამოუკიდებლად მოხდა. მინისტრის თქმით, ოფიციალურად გაცემული აქვს 5 ელჩის გამოწვევის განკარგულება. აქედან მხოლოდ აშშ-ში საქართველოს ელჩს თემურ იაკობაშვილს არ გასდიოდა როტაციის ვადა, თუმცა მან თავად თქვა უარი საქმიანობის გაგრძელებაზე. ლატვიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ეუთო-ში და ავსტრიაში საქართველოს ელჩებს კი, მინისტრის განმარტებით, როტაციის ვადა გასდიოდათ.
"ისინი 3-4 წელი, ან უფრო მეტი ხანია ამ თანამდებობაზე არიან. მათგან ზოგს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან საელჩოებში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე ელჩმა თავად განაცხადა უარი ახალ მთავრობასთან თანამშრომლობაზე - ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩმა თემურ იაკობაშვილმა, გაერო-ში ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ და იტალიაში ელჩმა კოტე გაბაშვილმა.
გარდა ამისა, ფანჯიკიძის განმარტებით, 9 ელჩის გამოცვლას მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამის შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს უკვე მიაწოდა.
მაია ფანჯიკიძემ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამოწვევის საკითხის დღის წესრიგში დადგომა უკავშირდება იმ უცენზურო გამონათქვამებს, რომელიც დიპლომატმა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ საელჩოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენა.





