განათლების სამინისტრო

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს

მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების დაფინანსება შესაძლებელი გახდა სამინისტროს ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდის შემდეგ. 

მომავალი წლიდან უფასოდ ისწავლიან სტუდენტები, რომლებიც, გამოცდების გავლის შედეგად, შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია და მშენებლობა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;  ეკონომიკა,  არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია, ასევე უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზე. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება და ჯერჯერობით საუბარია 7 ასეთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაზე, თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც და იმ შემთხვევაში, თუ კიდევ მოხდება სხვა უნივერსიტეტების დამატება, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სამინისტროს მხრიდან გაკეთდება.

კომენტარები