"მე ვარ ქრისტიანი და ყოველდღე ვლოცულობ, მაგრამ დაუშვებელია სხვებს დაუშალო ლოცვა," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ციხიდან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების გათავისუფლებას, რომელთაც ტელეკომპანია კავკასიაზე რელიგიურ თემაზე დებატისას ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია ევროკავშირისკენ გინდოდეს სვლა და ამავდროულად ასეთ პიროვნებებს ციხიდან ათავისუფლებდე.
პრეზიდენტმა ისაუბრა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონის შესახებაც, რომლის მიხედვითაც უმცირესობებს თავიანთი ეკლესიების დარეგისტრირების საშუალება მიეცათ. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ წმინდა გრიგოლ ფერაძე მთელი ცხოვრება იბრძოდა მუსლიმების დაცვისთვის და ბოლოს ებრაელთა ოჯახისთვის დაიღუპა.
თავის გამოსვლაში სააკაშვილი სტალინის ძეგლის დაბრუნებასაც შეეხო. მისი თქმით, შეუძლებელია ერთდროულად მოგწონდეს სტალინი და ილია ჭავჭავაძე, ან სტალინი და გრიგოლ ფერაძე.
ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის წევრები სხვადასხვა რეგიონების საკრებულოებიდან და პარლამეტის წევრები. ყრილობას ესწრებოდა უკრაინის ოპოზიციური პარტიის "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკოც.




