უგო ჩავესის სოციალისტურმა პარტიამ, წინასწარი შედეგებით, 23-დან 20 შტატში გუბერნატორის არჩევნები მოიგო. ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პრეზიდენტს, რომელიც კუბაში მკურნალობს. არჩევნების ეროვნული საბჭოს მონაცემებით, სოციალისტურმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით დამატებით ორ შტატში მოიპოვა მხარდაჭერა. ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი მირანდას შტატში კიდევ ერთხელ აირჩიეს. არჩევნებზე მოსახლეობის 53% მივიდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების 80%-თან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია.
10 იანვარს ჩავესი პრეზიდენტობის მეოთხე ვადით უნდა იქნას წარდგენილი. საგულისხმოა, რომ თუ არჩევნებამდე ჩავესი ამტკიცებდა, რომ ავადმყოფობა დაავიწყდა და წარმატებით გაუმკლავდა მას, დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი მოლოდინი, რომ კიბოს შეაჩერებდა, არ გამართლდა. ჩავესმა თავის მემკვიდრედ ვიცეპრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლას მადურო დაასახელა. "ჩემი მტკიცე აზრით... თქვენ ნიკოლას მადურო უნდა აირჩიოთ რესპუბლიკის პრეზიდენტად", - განაცხადა მან სატელევიზიო გამოსვლისას.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვერ შეძლებს გაუძღვეს სახელმწიფოს ან გარდაიცვლება, კონსტიტუციის მიხედვით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 30 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს. არჩევნებზე ერთიანი სოციალისტური პარტიის კანდიდატი, სავარაუდოდ, ნიკოლას მადურო იქნება.
მადურო ჩავესის დიდი ხნის მეგობარია. ის ჩავესის თანამებრძოლია 1992 წლიდან, იმ დროიდან, როდესაც ეს უკანასკნელი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დააპატიმრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე, მადურო ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იყო. იგი კუბელების ფავორიტია. მისი პოლიტიკა რადიკალურ მემარცხენე იდეებს ემყარება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მემკვიდრე მადურო გახდება, მას მოუწევს ჩავიზმის კულტთან შეჯახება და იმის გადაწყვეტა, გააგრძელოს თუ არა არსებული კურსი მისი მთავარი შემოქმედის, უგო ჩავესის გარეშე.





