
საქართველოში არის ოჯახები, სადაც მისი ათობით და ზოგჯერ ასობით სხვადასხვა გამოცემაა დაცული. ერთმანეთისაგან განსხვავებული – პოლიგრაფიულად და ტექსტითაც.
დღეისათვის ვეფხისტყაოსნის 441 სხვადასხვა გამოცემა არსებობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 51 ენაზე დაბეჭდილი, აქედან ქართული 123-ია. დაწყებული 1712 წლის ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი ცალიდან, წელს, გამომცემლობა მინიატურის მიერ დაბეჭდილი 10 სმ სიგრძის მინიატურული გამოცემით დამთავრებული.
ვინ იყო პირველი, ვინც ვეფხისტყაოსნის გამოცემების შეგროვება დაიწყო, ძნელი სათქმელია.
თუ ჩავთვლით ვეფხისტყაოსნის თითოეულ ხელნაწერს – პირველად მათი შეგროვება ვახტანგ მეექვსემ გადაწყვიტა, 1712 წლის გამოცემისათვის ტექსტის მომზადების მიზნით. 1888 წელს გადაწყდა პირველი აკადემიური გამოცემა – კომისიის მიერ შეგროვებული ხელნაწერი და ბეჭდური გამოცემების უმრავლესობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადაეცა. იმ დროისათვის ვეფხისტყაოსნის არსებული ყველა გამოცემა დავით ჩუბინაშვილს ჰქონდა. ის ცნობილი ბიბლიოფილი იყო. დავითის გარდაცვალების შემდეგ, მისი ბიბლიოთეკის უცხოური გამოცემები საიმპერატორო ბიბლიოთეკამ შეისყიდა, ქართული კი, ილია ჭავჭავაძის მონდომებით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მეცნიერის შთამომავლებმა გადასცეს.
დროთა განმავლობაში ვეფხისტყაოსნის ახალ-ახალი გამოცემა იბეჭდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს მათი გამოცემები რუსეთის იმპერიის ფარგლებს გაცდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მათმა რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
მსოფლიოს არცერთი მსხვილი ბიბლიოთეკა არ ფლობდა ამ გამოცემათა კოლექციას. ქართველ ბიბლიოგრაფთათვის მიუწვდომელი იყო კაპიტალისტურ ქვეყნებში დაბეჭდილი გამოცემები, ემიგრანტთათვის კი – საქართველოში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი.
საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაშიც კი არ ინახებოდა ვეფხისტყაოსნის ე.წ. კაპიტალისტური გამოცემები.
სწორედ ამ ფონზე. ვეფხისტყაოსნის გამოცემების შეგროვება დაიწყო ცნობილმა ექიმმა, ალპინისტმა იოსებ ასლანიშვილმა (1891-1955წწ.). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაბეჭდილი 76 გამოცემიდან, 69 მის კოლექციაში იყო დაცული (ჟურნალი დროშა. 1954. #1-2. გვ. 94). იმ დროისათვის 40 ქართული გამოცემიდან, ასლანიშვილს 39 ჰქონდა. იოსების ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ კოლექციის 
1937 წელს, საქართველოში რუსთაველის საიუბილეო დღეებში, გამოცემათა შეგროვება შალვა სიმონის ძე ასათიანმა დაიწყო და საუკეთესო კოლექციაც შეაგროვა. იგი ასლანიშვილებთანაც ურთიერთობდა. მის კოლექციაში დაცულია ფოტოები, ღია ბარათები, ფირფიტები, რეპროდუქციები, ბუკლეტები, სამკერდე ნიშნები – ყველაფერი რუსთაველთან დაკავშირებული. 1966 წელს, რუსთაველის იუბილეს დღეებში, შალვა ასათიანმა საკუთარ სახლში ვეფხისტყაოსნის გამოცემათა გამოფენა მოაწყო.

ვეფხისტყაოსნის გამოცემათა კოლექციას ფლობდა ცნობილი საბიბლიოთეკო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორი – ნოდარ გურგენიძე.
ასლანიშვილები მისი ბიძები იყვნენ და, ალბათ, მათი კოლექციის დათვალიერების შემდეგ გაუჩნდა საკუთარი კოლექციის შეგროვების სურვილი. 1996 წლისათვის მისი კოლექცია 200-ზე მეტ ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა გამოცემას მოიცავდა.
საინტერესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლექცია ჰქონდა ნოდარ ქებაძეს – საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოცემულ თითქმის ყველა გამოცემას მოიცავდა, შუა აზიის რესპუბლიკების გამოშვებული ვეფხისტყაოსნების ჩათვლით. მისი კოლექცია ამ მხრივ გამორჩეულია.
ვახტანგ ნათენაძე (1908-1988 წწ.) ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული შემგროვებელია. კვირაობით ვერის ბაღში (მაშინ კიროვის სახელი ერქვა) წიგნის მოყვარულები იკრიბებოდნენ. თავიდან ჩუმ-ჩუმად, ვითომ საჭადრაკო ლიტერატურის გასაცვლელად, სინამდვილეში კი ძნელად საშოვნელი გამოცემების შესაძენად. იქიდან მახსოვს, მითხრეს – ამ კაცს ვეფხისტყაოსნის გამოცემები აქვს, ყველა ქვეყანაში გამოცემულიო. მისი კოლექცია არაერთი გამოფენის მშვენება იყო, მოსკოვშიც გამოფინეს და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მისთვის საინტერესო გამოცემას ფანტასტიკურ ფასად ყიდულობდა, გამოფენებში კი უსასყიდლოდ მონაწილეობდა. მანვე 
ვეფხისტყაოსნის გამოცემებს 1950 წლიდან აგროვებდა ნოდარ ჩხეიძეც და ათობით იშვიათი ეგზემპლარი ჰქონდა.
დღეისათვის, ვეფხისტყაოსნის ყველაზე სრული კოლექციის მფლობელია გურამ ახალაია – კოლექცია მოიცავს გამოცემებს 1712 წლის პირველი ქართული გამოცემიდან მოყოლებული დღემდე. არანაკლები კოლექცია აქვს ამ წერილის ავტორსაც – 340 ცალი სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული ვეფხისტყაოსანი.
ჯერჯერობით, ისეთი კოლექციონერი, რომელსაც ყველა გამოცემა აქვს, არ არსებობს. ვნახოთ, ამას ვინმე თუ მოახერხებს.





