NATO

რასმუსენი: რუსეთს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა,  "Новая Газета"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან შეკითხვებს საქართველოს შესახებაც უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა რასმუსენი შესაძლებლობას, საქართველო ინტეგრირდეს ალიანსში, NATO-ს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ფასად, რასმუსენი პასუხობს: 

”ნება მომეცით შეგახსენოთ, ყველაზე საბაზისო პრინციპი. ყოველი ცალკეული ერის საქმეა თავად გადაწყვიტოს სურს მას შეუერთდეს რომელიღაც კავშირს თუ არა და როგორ აღჭურვოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა. რუსეთმა ასევე მოაწერა ხელი ამ ფუნდამენტურ პრინციპს OSCE-ს 1999 წლის ქარტიაზე. OSCE-ს ყველა წევრმა მოაწერა. ნებისმიერი ერი დამოუკიდებლად წყვეტს ალიანსთან შეერთების საკითხს. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, შევა საქართველო გარკვეულ ეტაპზე ჩვენს ალიანსში თუ არა. ამას NATO და საქართველო გადაწყვეტენ. 2008 წლის NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, გარკვეული, აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ. ჯერ-ჯერობით ეს არ არის. ჩვენ შევქმენით ”NATO-საქართველოს” კომისია და ამ კომისიაში ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად რეფორმების გატარებაზე. მომავალში მას შეუძლია შეასრულოს NATO-ს წევრის კრიტერიუმები” - აცხადებს გენერალური მდივანი.

ჟურნალისტმა რასმუსენს დაუსვა კითხვა, შეუძლია თუ არა საქართველოს იქცეს ალიანსის წევრად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე? წარმოადგენს თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეტ ოსეთის აღიარება და მისი საბრძოლო მყოფობა ამ ტერიტორიებზე დაბრკოლებას საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად?

რასმუსენმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს საკითხები ”ჰიპოთეტურია”. - ”რასაკვირველია ჩვენ გვაქვს იმედი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების შესაძლო მშვიდობიანი მოგვარებისა. როგორც იცით, ჩვენ არაღიარების პოლიტიკას მივდევთ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთმა ცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ... რა თქმა უნდა დაუშვებელი იქნებოდა მიგვეცა რუსეთისთვის ფაქტობრივი ვეტოს უფლება ნატოს გაფართოვებაზე.”

ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა მზად NATO, განაახლოს მოლაპარაკებები რუსეთთან, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების საკითხზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმის წინაპირობების გარეშე. რასმუსენი მიიჩნევს, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თუმცა, მისივე თქმით, მიმღები ქვეყნის თანხმობა შეიარაღებაზე კონტროლის სქემის განუყოფელი ნაწილია. "ნათელია, რომ ამ შემთხვევაში არ არის მიმღები მხარის თანხმობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღების ყოფნაზე, რადგან ორივე ეს ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ნაწილია. ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს", - აღნიშნა რასმუსენმა.

 

 

კომენტარები