NDI-ს გამოკითხულთა 89%-ისთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, ინტერნეტი პირველწყაროდ 6-მა, ხოლო მეორე წყაროდ 12%-მა დაასახელა. გაზეთები და ჟურნალები 18%-მა ინფორმაციის მიღების მეორე წყაროდ, ხოლო პირველ წყაროდ 1%-მა დაასახელა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 85% უყურებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს 58%, ტელეკომპანია მე-9 არხს - 53%, ხოლო ტელეკომპანია მაესტროს - 46%.
ინტერნეტის საშუალებით ტელეკომპანია მე-9 არხს გამოკითხულთა 11% უყურებს, მაესტროს - 9%, რუსთავი 2-ს 8%, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია კავკასიას 3-3%.
მოსაზრებას - მირჩევნია ვუყურო ისეთ ახალ ამბებს, რომელიც თანაბრად აშუქებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებებს, ეთანხმება 27% და სრულად ეთანხმება 55%. ხოლო მოსაზრებას - მირჩევნია ვუყურო ისეთ ახალ ამბებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ასახავს, გამოკითხულთა 6% ეთანხმება და სრულად ეთანხმება 3%.
კითხვაზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, იღებდით თუ არა საკმარის ინფორმაციას მედიასაშუალებებიდან იმ პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერთ - გამოკითხულთა 76% დადებითად პასუხობს, ხოლო 13% უარყოფითად.
Must Carry-ის კანონპროექტის შესახებ ინფორმირებული, გამოკითხული მოსახლეობის 38%-ია, ხოლო 56%-ს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).





