არენა

ნიგვზიანის სპირალი

რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 26 ოქტომბერს დაიწყო. მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე არამუსლიმმა თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. ქრისტიანები სოფლის რელიგიური უმცირესობისგან ლოცვის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!”, „ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადგენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!”, „გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!” – უყვიროდნენ თანასოფლელებს ქრისტიანები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აჭარიდან დაახლოებით 3500 ჩასახლებული ოჯახი ცხოვრობს. მხოლოდ სოფელი ნიგვზიანია, სადაც მრევლმა ერთი წლის წინ საკუთარი სახსრებით სახლი შეიძინა და მეორე სართულზე პატარა სამლოცველო მოაწყო. სამლოცველოში პარასკევობით 300-ზე მეტი მორწმუნე ლოცულობს და ის უკვე 6 თვეა მოქმედებს. ნიგვზიანში სულ 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 550-600 აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია.

მომდევნო ხუთშაბათს, ლოცვის წინა დღეს, სამლოცველოში მართლმადიდებელი მღვდელი და მრევლი მივიდნენ. მათ მუსლიმებს კვლავ მოსთხოვეს, უარი ეთქვათ პარასკევს რელიგიური მსახურების აღსრულებაზე. მუსლიმებმა უარი არ თქვეს. უკვე პარასკევს, 2 ნოემბერს, ნიგვზიანში სრულიად საქართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე ჩავიდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მუფთს გზა გადაუკეტა და სალოცავში არ შეუშვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მუფთი ადგილობრივ მოსახლეობასთან და მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად გამგეობის შენობაში მოსალაპარაკებლად შევიდა, რის შედეგადაც მუსლიმებმა ლოცვა მოახერხეს.

მთელი ამ დაპირისპირების პერიოდში, სოფელში ისმოდა მუქარა, რომ ლოცვის გაგრძელების შემთხვევაში სისხლი დაიღვრებოდა. პოლიცია სიტუაციას მართალია ახლოდან აკვირდებოდა, მაგრამ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ რეაგირებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცესპიკერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა: „მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ”.

საქართველოს კანონმდებლობა პროზელიტიზმს, ანუ საჯარო ქადაგებას, არცერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელს არ უკრძალავს. ასეც რომ არ იყოს, საქართველოში ტრადიციული რელიგიური უმცირესობების მისია (ქადაგება მოქცევის მიზნით) თითქმის არ არსებობს. საპირისპიროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აჭარაში აქტიურ მისიას ეწევა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ რეგიონში მრავალი მუსლიმი მონათლა. ქრისტიანთა გამუსლიმების შემთხვევები კი უიშვიათესია. მუსლიმური ორგანიზაციები ძირითადად საკუთარი თემის განათლებითა და ჯგუფის შიგნით მობილობის გაზრდით არიან დაკავებულები, ვიდრე ახალი წევრების შეძენით.

ამასთან, გაუგებარია, რატომ არ აქვს თურქეთის მოქალაქეს საქართველოში საკუთარი რწმენის ქადაგების უფლება, თუ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაუბრკოლებლად აშენებენ ტაძრებსა და მონასტრებს. მაგალითად იკმარებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დარიალის ხეობაში მშენებარე მონასტრის დამფინანსებელი იყო, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ჯინჭარაძეც აფინანსებდა. ბიზნესმენების გვერდით, რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდებიც აფინანსებდნენ სხვადასხვა მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ეს იმ პირობებში, როცა თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო რუსეთი – ოკუპანტი.

საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე მუსლიმია. მათგან დაახლოებით 30% აჭარაში ცხოვრობს, ეთნიკურად ქართველია და სუნიტურ ისლამს მისდევს, ხოლო 70% – ეთნიკურად აზერბაიჯანელი და შიიტი. საერთო ჯამში, თურქეთის მეზობლად მცხოვრები აჭარელი მუსლიმები, ისევე როგორც მათი სამუფთო, რადიკალურ ისლამს არ მისდევენ. საბჭოთა კავშირმა რელიგიური ჯგუფები მის მიერვე შექმნილ ორგანიზაციებში გააერთიანა და ამით მთლიანად აკონტროლებდა არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ კავკასიის სამუფთო სამმართველოსაც, რომელიც სტალინის დროს შეიქმნა. თუმცა ამ საბჭოთა „თვინიერი ისლამისგან” ძალადობამ სალაფიტები წარმოშვა. ისლამური რელიგია ყველაზე უკეთ იცნობს რას ნიშნავს „საღვთო ომი”.

დევნა რადიკალური ჯგუფების იატაკქვეშეთში გადანაცვლებას იწვევს. იატაკქვეშეთში წასული ისლამი იგივე არ არის, რაც კატაკომბური პროტესტანტული ან კათოლიკური ეკლესიები ჩინეთში, აფრიკაში ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეაში. ისინი მხოლოდ ფარული შეკრებებითა და მოწამეობრივი ცხოვრებით არ კავდებიან. საჯარო სივრციდან განდევნილი მუსლიმური ჯგუფები სწრაფად ახერხებენ ახალგაზრდების გადაბირებასა და საპასუხო დარტყმების მიტანას უსაფრთხოებაზე. უფროსი თაობა, რომლის რწმენა გატეხილი იყო საბჭოთა რეჟიმისგან, ნაკლებ ექვემდებარება რელიგიური ფუნდამენტალიზმის გავლენას, თუმცა ის, ჯგუფის შიგნით, ავტორიტეტით ვეღარ სარგებლობს. ზომიერი ისლამური ძალები, ოფიციალური ადმინისტრაცია და სასულიერო პირები რელიგიურ ცხოვრებაზე ასევე კარგავენ კონტროლს. ოფიციალური სამუფთოსგან განსხვავებით, რადიკალური ისლამური ძალები ხელისუფლებას არ ურიგდებიან.

ის მუფთი, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდება, ავტორიტეტს დაკარგავს მუსლიმურ თემში. ისლამური სასულიერო ხელისუფლება არ ჰგავს ქრისტიანულს, მუფთი უფრო ადმინისტრატორია, ვიდრე ეპისკოპოსი. მისდამი მორჩილება ან დაუმორჩილებლობა არ წარმოადგენს დოქტრინალურ საკითხს. შესაბამისად, მუსლიმურ თემზე რეალური გავლენა იმას აქვს, ვისაც მეტი მორწმუნე უჭერს მხარს და არა იმას, ვისაც უფრო მაღალი ტიტული აქვს. მუფთის მხრიდან ნებისმიერი დათმობა, აქტიური მუსლიმური ორგანიზაციების მიერ შეიძლება აღქმული იყოს ღალატად, შესაბამისად, ვერც სამუფთო და ვერც მარტივი გამოსავლის მაძიებელი ხელისუფლება ამის იმედზე ვერ იქნება. მუსლიმებს საკუთარ უფლებებს სასულიერო იერარქიაზე ძალადობით ვერ დაათმობინებ.

ერთი წლის წინ ყოფილმა ხელისუფლებამ სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველო შექმნა. სამუფთოში შიიტები და სუნიტები გაერთიანდნენ, რითაც სახელმწიფო შეეცადა თურქეთიდან რადიკალური ისლამის შემოდინებისთვის ხელი შეეშალა. ამასთან, სახელმწიფოს სჭირდებოდა, აზერბაიჯანელი მოქალაქეები ბაქოში მჯდარი სულიერი ლიდერის, ალაჰშუქურ ფაშაზადესგან ჩამოეცილებინა. შეიხულისლამ ფაშაზადეს ჩეჩნეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან და რუსეთთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ამასთან, აზერბაიჯანში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ძლიერია ერთმორწმუნე ირანის გავლენა რელიგიურ ცხოვრებაზე. ირანულ რელიგიურ ჯგუფებს გავლენა შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქე ერთმორწმუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა სამუფთო სამმართველოს, რადიკალური ჯგუფების კონტროლი სრულიად შეუძლებელია. ისლამი არ არის იმგვარად იერარქიზებული რელიგია, როგორიც ტრადიციული ქრისტიანობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ისლამის მიმდევართა უმრავლესობა საქართველოში არაქართველია, შესაძლოა, ანტიისლამური ისტერია სწრაფად იქცეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემადაც. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ძალადობის ათზე მეტი ფაქტი მოხდა, რაც პირად კონტროლზე აიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „მე პირადად ვაკონტროლებ მიმდინარე გამოძიებას. ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ოპერაციების გატარებას. არავითარი პრობლემა არ იარსებებს, მე ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი ინციდენტები მეტი აღარ იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.

„როდესაც წარმოიშობა რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობის წყარო, სახელმწიფო, და მათ შორის მე, ვალდებული ვართ, რომ ჯერ ეკლესიებს მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. „ეს არ იყო მუსლიმების უფლებების ხელყოფა, ეს იყო უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა... ერთის უფლებების დაცვა არ ნიშნავს, რომ მეორის უფლებები უნდა იყოს ხელყოფილი. აქ არავინ ამბობს, რომ სოფელში არ ილოცონ მუსლიმებმა, უბრალოდ, ლაპარაკია წესებზე, შეთანხმებაზე, რომ მშვიდად და წყნარად ილოცოს ამ ხალხმა”, – თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

წულუკიანისა და ბესელიას განცხადებებში არ ჩანს სახელმწიფოს მზაობა, აღასრულოს საკუთარი ფუნქცია, რომელიც დანაშაულის დასჯაში მდგომარეობს და არა ამ ფუნქციის ეკლესიისთვის გადაბარებაში.

კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიური ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. 155-ე მუხლის მიხედვით: „ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა, თუ ამას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”.

ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრსაც: „ვინაიდან სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის

საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სრულიად საქართველოს მუფთი და ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლების ორგანიზებით ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმების შესახებ ორივე მხარეს საკუთარი წარმოდგენა აქვს. საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები ამბობენ, რომ მუსლიმთა მხოლოდ 4-5 ოჯახი ილოცებს სამლოცველოში, ხოლო მუსლიმების თქმით, მათ პრობლემის მოგვარების გარანტიები მიიღეს და ლოცვის უფლება სრულად იქნება დაცული.

რეალურად, შეთანხმება ვერ შედგა. ნიგვზიანში ამჯერად მუსლიმებს ხელი აღარ შეშლიათ მსახურების აღსრულებაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგმა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შედეგი გამოიღო. ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, აღარ მისულიყვნენ მუსლიმურ სამლოცველოსთან და ლოცვის აღსრულება სწორედ ამან აქცია შესაძლებლად. თუმცა მყისიერი შედეგი საკმარის გარანტიებს ვერ იძლევა, მოსახლეობის განწყობა კვლავ რადიკალურია და არ არის გამორიცხული, კონფლიქტმა ისევ იჩინოს თავი.

ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის სახლის წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და რელიგიური პრობლემის „აღმოფხვრისთვის” მინისტრს ტაში დაუკრეს.

ახალი ხელისუფლებისთვის ეს პირველი ტესტია, შეძლებს თუ არა ის აღმსარებლობის თავისუფლების თანასწორად უზრუნველყოფას. წინა ხელისუფლებამ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებითა და რელიგიური ექსტრემისტების ნაწილის დასჯით, აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება გააუმჯობესა. მართლმადიდებელ ექსტრემისტთა სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კლება მოჰყვა. ახლა, დაუსჯელობამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოგვცეს.

ქვეყანამ 90-იან წლებში ეთნიკური დაპირისპირების დამანგრეველი შედეგი უკვე ნახა. წარსულში ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი მცირე ინციდენტებით დაიწყო და აფხაზებთან და ოსებთან ცხელ კონფლიქტში გადავიდა. მაშინ ამის საშიშროება სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც არსებობდა, თუმცა ქვეყანა გადარჩა. საქართველოს კომპაქტურად დასახლებული უმცირესობები ჰყავს, რომლებიც ერთდროულად რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და მათ სჭირდებათ გარანტია, რომ ქართული სახელმწიფო ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს კანონმდებლობის შესაბამისად უპასუხებს.

ნიგვზიანის კონფლიქტმა ცხადყო, რომ მმართველი გუნდის ჭრელი შემადგენლობიდან, გაცხადებულად პროდასავლური ძალები ადამიანის უფლებების ღირებულებების დასაცავად არ აქტიურობენ. მათ ხელი შეუწყვეს ხელისუფლებაში ისეთი პირების მოსვლას, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგებიან მათ დეკლარირებულ ფასეულობებს. მურმან დუმბაძის პარლამენტის ვიცესპიკერად არჩევამ, საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს მწვანე შუქი აუნთო. სხვა არაფერი იყო 6 თვის წინ ამოქმედებული სამლოცველოს გარშემო კონფლიქტის, არჩევნების შემდეგ დაწყება.

ეს განსაკუთრებით საშიშია, რადგან რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული შუღლის ზიანი გრძელვადიანი იქნება. იდენტობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარებას ათწლეულები სჭირდება. როცა კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარისთვის შუღლის მიზეზი მეორის იდენტობაა, აქ მოკლევადიანი გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი დროს კარგად უძლებს. მისით ყოველი ახალი თაობა ავადდება და ახალი კონფლიქტების წარმოშობისთვის ნიადაგი არათუ არსად ქრება, კიდევ უფრო ნოყიერი ხდება. ყოველი ახალი შემთხვევა, ახალ სტერეოტიპსა და ზიზღს წარმოშობს, რაც საზოგადოების წევრების გათიშვას იწვევს. თუ ცეცხლი ერთხელ აინთო, მის ჩაქრობას ხელისუფლების ცვლილებაც ვერ უშველის.

კრიმინალური, კლანური კონფლიქტები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს საზოგადოებას ზიანს აყენებდა, ხელისუფლების ცვლილებით დამარცხდა. მათი არსებობის საუკეთესო ნიადაგი იყო ხელისუფლების უმოქმედობა და სახელმწიფოს სისუსტე, რომელსაც წარმატებით ანაცვლებდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. თავად ისინი, კონფლიქტის განგრძობადობას უზრუნველყოფდნენ. ხელისუფლების ცვლილებამ, ავტორიტეტების ძალაუფლების განადგურებით, კონფლიქტები შეამცირა და დამნაშავეები კანონს დაუქვემდებარა, მაგრამ იდენტობის ნიადაგზე შუღლს, როცა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი ირაციონალური მოტივით აქვთ, ხანგრძლივი მომავლის გარდა ვერაფერი შველის. ქვეყანა და საზოგადოების თითოეული წევრი ამ დროის მანძილზე შეიძლება გამოუსწორებლად დაზიანდეს. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, მის მოქმედებას მყისიერი ეფექტი ვერ ექნება.

კომენტარები