საინფორმაციო სააგენტო news.ge-სთვის მიცემულ კომენტარებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საქმეებზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვეტილება პატიმართა საქმეების განხილვის გარეშე მიიღო.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, სწორედ ამის გამო დატოვა სამუშაო ჯგუფი საია-მ. ამდენად, ორგანიზაცია სიის საბოლო ვარიანტზეც იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
„ჯგუფი თავიდან შეთანხმდა, რომ ჩვენ ყველა საქმე უნდა განგვეხილა და დაგვედგინა, ევროპის საბჭოს სტანდარტებს შეესაბამებოდა თუ არა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არსებობდა ერთ სია, ერთი ორგანიზაციის მიერ შედგენილი. გამოვიდა, რომ ავტომატურად უნდა მომხდარიყო ამ სიის მხარდაჭერა. საქმეების ნაწილს ვიცნობდით და ჩვენ თვითონ გვქონდა დასკვნა მომზადებული. იყო საქმეები, სადაც საქმის მასალებიც არ არსებობდა, ერთი გვერდიც არ იყო დაწერილი. ჩვენ არ მოგვეცა ამ საქმეების განხილვის, კითხვების დასმის, საქმის მასალების ნახვის შესაძლებლობა და შესაბამისად, ვერ დავუჭერდით იმ პროცესს მხარს, რომელიც მიდიოდა ასე ზედაპირულად“, - აცხადებს ჩუგოშვილი.
საია-ს ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს სწრაფად სთხოვდა მუშაობის დასრულებას.
„მე ვფიქრობ, ჯგუფის წევრებმა, სამწუხაროდ, არ გამოიჩინეს საიმისო მონდომება, რომ დეტალურად მომხდარიყო ყველა საქმის განხილვა. ჩვენ, უბრალოდ ვერ ავიღებდით ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იმ სიაზე, რომელშიც ჩახედვის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ“, - აცხადებს ჩუგოშვილი.




