მთავარი პროკურატურა

პროკურატურაში ლევან კალაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით საჩივარი შევიდა

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა. 
ჭკადუა მსჯავრდებულ ლევან ცინცაძეს იცავს, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის. ცინცაძე საჩივარში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს და დანაშაულთან კავშირს უარყოფს. 
შეგახსენებთ, რომ  კახა კალაძის ძმა 2001 წლის 23 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. საქმე 2006 წლის თებერვალში გაიხსნა. ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. მისი ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, ხოლო მოგვიანებით, საფრანგეთიდან - თემურ გაგნიძე. სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს, გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს. სამართალდამცველებმა ცხედარი ვერ იპოვეს.
ლევან ცინცაძის დედა მედიკო კორკოტაშვილი  შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ  ხელისუფლების შეცვლამ მას იმედი გაუჩინა, რომ აღნიშნულ საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ.

კომენტარები