NATO-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი Facebook-ის ქართველ მომხმარებლებს სთხოვს, მის პირად გვერდზე კომენტარები ფრანგულად ან ინგლისურად დატოვონ.
"ძალიან ვაფასებ აქტიურ დებატებს ჩემს Facebook-ის გვერდზე, მაგრამ მსურს გთხოვოთ, დებატები ჩვენს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე წარმართოთ, ინგლისურად ან ფრანგულად, რადგან უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, ქართულს ვერც ვკითხულობ და ვერც ვიგებ. ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თუ თქვენს მოსაზრებებს ინგლისურად ან ფრანგულად გაგვიზიარებდით. მიუხედავად ამისა, მე აზრის გამოხატვის თავისუფლების აქტიური მომხრე ვარ, რაც ჩემს Facebook-ის გვერდზე გამოვლინდა", - განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რასმუსენის პირად გვერდზე ქართველი მომხმარებლები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც გენერალურმა მდივანმა "საქართველოს ახალი მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო" შეშფოთება გამოთქვა.




