2008 წლის აგვისტოს ომი

მთავრობის წევრები აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის რევაზ ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. 
აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ალავერდაშვილი 21 წლის იყო. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. საპატიო ყარაულის მონაწილეობით კაპრალი მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში დაკრძალეს. 
„ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ კაპრალ რევაზ ალავერდაშვილს, რომელიც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად. მივუსამძიმრე მის მამას, სოფელს და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ასეთი მსხვერპლი აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი კაპრალ ალავერდაშვილს „ჩვენი ქვეყნის გმირი“ უწოდა, რომელიც საქართველოს აგრესორებისგან იცავდა. „მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. ძნელია ოჯახისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც 2008 წელს დაგვატყდა თავს. მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ცოცხალი გმირები უმრავლოს ღმერთმა. ჩვენი ამოცანა იქნება დავიცვათ მშვიდობა და ის ქვეყანა, რომლის დაცვასაც შესწირა თავი კაპრალმა ალავერდაშვილმა“, - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები