კომპანია თელასის ყოფილმა თანამშრომლებმა, უფლებების აღდგენის თხოვნით ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. მათი განმარტებით, ისინი სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს.
,,დათხოვილია დაახლოებით 150 თანამშრომელი და არცერთისთვის არ ყოფილა განმარტებული მიზეზი, თუ საბაბი რისთვისაც ჩვენ ვიყავით მიუღებელი ახალი ხელმძღვანელობისთვის. მოგმართავთ თხოვნით თქვენ, როგორც სამართლიანობის გარანტს დღევანდელ საქართველოში, დაგვეხმაროთ ჩვენი უფლებების აღდგენაში.’’-ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია თელასის გათავისუფლებული თანამშრომლების განმარტებით, თელასის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ, კომპანიის ასსზე მეტი თანამშრომელი უმიზეზოდ გათავისუფლდა.
თავად არსოშვილი ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სამსახურიდან უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა.
,,ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველა თანამშრომელს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებსაც, შევთავაზეთ, უარი ეთქვათ კორუფციულ გარიგებებზე და მოეყვანათ წესრიგში თავიანთი ქსელი და არასანქცირებული მიერთებები. ბევრმა თანამშრომელმა მიიღო ჩვენი შეთავაზება და ფეხი აუწყო ახალ მიდგომებსა და მოთხოვნებს, თუმცა მცირე ნაწილმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, პატიოსნად მუშაობა არ ისურვა.’’-აცხადებს ზურაბ არსოშვილი.
თელასის ყოფილი თანამშრომლები ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, მათ კომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდა, გაფიცულები დაბალ ხელფასებსა და სტრუქტურაში არსებულ სისტემას აპროტესტებენ.




