ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სხვადასხვა სპეციალობებისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობა მკაცრად განისაზღვრება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტრო სახელფასო პოლიტიკას კერძო დამქირავებელს ვერ უკარნახებს, ამიტომ ხელფასის ოდენობა სპეციალობის მიხედვით განისაზღვრება და დამქირავებელს დაქირავებულისთვის განსაზღვრულზე ნაკლები თანხის გადახდა არ შეეძლება.
სერგეენკოს განცხადებით, შრომის კოდექსში კორექტივების შეტანა აუცილებელია, რადგან დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დამქირავებელი დომინანტია, ხოლო დაქირავებული - პრაქტიკულად უუფლებო. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა უმუშევრობის კომპენსაციის საკითხზეც.
”უმუშევრობასთან მიმართებაში სახელწიფო სტრატეგია მათი დასაქმებაა და არა უმუშევრების მატერიალური დაკმაყოფილება. პირველ რიგში, ეს უნდა მოგვარდეს და შემდეგ მასთან ერთად უმუშევრობის კომპენსაციის საკითხი განხილული უნდა იყოს". - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი ამ ეტაპზე საბაზისო სადაზღვევო პაკეტის შექმნაა, რომელიც ასაკობრივ და სოციალურ კატეგორიებად დაიყოფა.




