პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, გენერალურმა მდივანმა იგი პრაღაში, ნოემბერში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.

ქვეყნის პირველმა პირმა თავის განცხადებაში აგრეთვე, აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მისი თქმით, ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.

„ვფიქრობ, ილუზიები იმის შესახებ, რომ ჩვენს დამპყრობელთან პრობლემები საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პიროვნების გამო გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ აღარავის, მათ შორის არც კოალიციას აღარ დარჩება და გაეფანტება. პრობლემა არის ფუნდამენტური - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად, ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში ამ კურსს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები