თბილისის მერია

გიგი უგულავას ბრძანებით, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური იქმნება

თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანებით, დედაქალაქში უსაფრთხოების ახალი სამსახური იქმნება. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება.

დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა მოეთხოვება.

სამსახური, ასევე, ვალდებულია, თბილისის მერიის ობიექტებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირება მოახდინოს. უსაფრთხოების სამსახურმა ასევე უნდა უზრუნველყოს: თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე თავად თბილისის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

 

კომენტარები