რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენელმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე აღნიშნა, რომ რუსეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არცერთ ქვეყანასთან მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს.
სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედი მათმა ხალხმა გადაწყვიტა. მისი თქმით, რუსეთმა საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით გამოხატა.
ლავროვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ოფიციალურ თბილისს მისცემს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.




