საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ”მუსლიმთა უმანკოების” საჯაროდ ჩვენება დაუშვებელია

საქართველოს საპატრიარქო და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა აშშ-ში გადაღებულ სამოყვარულო ფილმთან „მუსლიმთა უმანკოება” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ აღნიშნული ფილმის საჯაროდ ჩვენებას.

"როგორც ყველასთვის ცნობილია, ადამიანის უფლებების დაცვა თავისუფლებით სარგებლობის კულტურას, ანუ გარკვეული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ნებაყოფლობით გათვალისწინებას გულისხმობს, რაც თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. იგივე ითქმის გამოხატვის თავისუფლების შესახებაც, განსაკუთრებით კი ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა სხვათა უფლებები, რელიგური და ტრადიციული ფასეულობები. შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაში. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც.” - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ „მუსლიმთა უმანკოების” ჩვენებამ მილიონობით ადამიანი შეურაცხყო და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. საპატრიარქოს განცხადებით, ამგვარი ქმედებები რელიგიურ შუღლს აღვივებს და ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას.

”ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული, რაც გულისხმობს გამოხატვის უფლებას ისე, რომ სხვათა უფლებები არ დაირღვას.” - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში გადაღებულ სამოყვარულო ფილმს „მუსლიმთა უმანკოება” მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ისლამურ სამყაროში. ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ამერიკელი ელჩი და რამდენიმე დიპლომატი.

 

კომენტარები