შსს

ჩიორა თაქთაქიშვილი: ლევან რევიშვილი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი არ არის

ტელეკომპანია მაესტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც ქართველი კანონიერი ქურდების ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირს ასახავს. მაესტროს ინფორმაციით, აღნიშნულ აუდიომასალაში კრიმინალურ ავტორიტეტად დასახელებული ლევან რევიშვილი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია. 

ლევან რევიშვილის მეზობლები მაესტროსთან საუბარში აცხადებენ, რომ იგი დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია და მოსახლეობის ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებთან შეხვედრებს კოორდინაციას უწევს.

აღნიშნულს ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ამის გადამოწმება ადვილია. ათი დღის წინ, ჩვენ უწყებათაშორის კომისიას ნაციონალური მოძრაობის კოორდინატების სია მივაწოდეთ. ეს სია აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.''-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გასულ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა, მათი განცხადებით ლევან რევიშვილი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორთა სიაში არ არის. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან.

 

 

კომენტარები