შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
”თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავთანდილ თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავების შესახებ ინფორმაცია კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა გაავრცელა. იგი მომხდარს კოალიციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და პოლიტიკურ დევნად აფასებს.




