სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრები სამკურნალოდ გადაჰყავს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ორი დღის მანძილზე 10 ზე მეტი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორისაა დიმიტრი ონიანი, რომლის დედაც ვარაუდობდა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ უკანასკნელი 2 დღის მანძილზე, ცალკეული მედიასაშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია პატიმარ დიმიტრი ონიანის მდგომარეობის შესახებ. გამომდინარე ზემოთქმულიდან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი ინტერესი და განმარტება გააკეთოს აღნიშნული ფაქტის შესახებ.


რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული დიმიტრი ონიანი 2012 წლის 20 სექტემებრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაყვანილ იქნა შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადება თავად მსჯავრდებულის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელებისთანავე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის კუთხით სათანადო დახმარებას საჭიროებს გადაეყვანათ შესაბამის, მათ შორის სამკურნალო დაწესებულებებში.

მსჯავრდებულ დიმიტრი ონიანის ხსენებულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულნი მისი ოჯახის წევრები და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობის გათვალსწინებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის  (მათ შორის მსჯავრდებულის)  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად დამატებით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ვერ მივაწვდით.


ამავდროულად მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც დამატებითი საბაბი ხდება პატიმრებში და პატიმართა ახლობლებში მღელვარების  გამოწვევისათვის. “ 

კომენტარები