ომბუდსმენი

ომბუდსმენის აპარატი უარყოფს, რომ ცაგურიასა და ალადოშვილზე ზეწოლის ფაქტი დაადასტურეს

სახალხო დამცველის პრესმდივნის, თეონა გოგოლაშვილის განცხადებით, გუშინ, საინფორმაციო სააგენტო ”ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ომბუდსმენმა დაკავებულ აქტივისტებზე, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტი დაადასტურა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ფორმულირება ”დადასტურება” - საინფორმაციო სააგენტოს ეკუთვნის და არა ომბუდსმენს, რომელმაც საზოგადოებას დაკავებულთა ნათქვამი გადმოსცა. ”მსგავსი ფორმულირება ჩვენ არ მიგვიცია” - ამბობს გოგოლაშვილი.

”ეს იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც გუშინ ღამე გავრცელდა ორ საათზე, უბრალოდ მსგავსი ფორმულირება ჩვენ არ მიგვიცია. ეს ნეტგაზეთმა გააკეთა. უკვე დღეს ჩვენი თანამშრომელი გაეცნო გარეგნული დათვალიერების ოქმს და ამბობს, რომ ეს არის მსუბუქი დაზიანებები” - განმარტავს სახალხო დამცველის აპარატი.

ომბუდსმენის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ”ღამის 10 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს. სახალხო დამცველის რწმუნებულები გაეცნენ დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად დაჩი ცაგურიას იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „მარჯვენა იღლიის მიდამოებში სიწითლეები. მაჯებზე სიწითლეები- ხელბორკილების კვალი. მარცხენა მუხლზე წითელი ფერის ფუფხები.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ალადოშვილს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქაც გამოითხოვეს ადმინისტრაციული გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად ბექა ალადოშვილს იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „ზურგზე წითელი ფერის ნაკაწრები“.

”ტაბულას” კითხვას, - შეუძლია თუ არა სახალხო დამცველს ამჯერად დაადასტუროს, რომ დაზიანებები დაკავებულმა აქტივისტებმა მიიღეს პოლიციის ხელში აღმოჩენის შემდეგ, - თეონა გოგოლაშვილმა უპასუხა: ”არა, ჩვენ ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ვერანაირად ვერ დავადასტურებთ ამას, სად, როგორ... ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ის გითხრათ, რა ინფორმაციაც გვიდევს საიტზე. თუ არ შევისწავლით ყველაფერს, ვერაფერს გეტყვით.”

გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ”დაპატიმრებულების (ცაგურია, ალადოშვილი) განმარტებით, დაკავებისას და დაკავების შემდეგ მათ მიმართ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ. სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”.

პარალელურად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც დაჩი ცაგურიაზე ძალადობის ფაქტი უარყო -"გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მოქალაქე დაჩი ცაგურიას დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დაჩი ცაგურიამ დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პატრულის თანამშრომლებს. ცაგურიამ პოლიციელს შემოახია ფორმის პერანგი. მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა მისთვის ხელბორკილის დადებას, ცაგურია აგრძელებდა წინააღმდეგობას. ამ დროს მას დაუზიანდა მუხლი, აქვს რამდენიმე ნაკაწრი და სიწითლე მარცხენა ხელზე. დაკავების შემდეგ დაჩი ცაგურია გადაყვანილი იქნა ქ. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სადაც ის უკვე მოინახულეს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა. მასთან შეუზღუდავი შესვლის უფლება აქვს მის ადვოკატს. შსს კიდევ ერთხელ აცხადებს რომ დაჩი ცაგურიაზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები