საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში. ამის შესახებ საგარეო უწყების 21 სექტემბრის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ოფიციალური თბილისი მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
„უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც. ამის დასტურია დღევანდელი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად.“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ შემთხვევითი არაა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012"-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უწყება მოახდენს უცხოელი პარტნიორების ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებებზე, რათა მათ ოფიციალურ მოსკოვს აუწყონ ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალის ზრდა შეინიშნება, რასთან დაკავშირებითაც მისიამ შეშფოთება გამოთქვა.




