საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა პატიმრებთან დაკავშირებული მოვლენების გამო ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა გადადო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება გადადო. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება.” - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის კურთხევის დროს, ილია მეორემ ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევის თარიღად 23 სექტემბერი გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით, ფოთში ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მიიწვია.

კომენტარები