სასჯელაღსრულების სისტემა

გაეროს ბავშვთა ფონდი საპყრობილეში არასრულწლოვანთა ცემის ფაქტებს გმობს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

”გაეროს ბავშვთა ფონდი მკაცრად გმობს სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“. ამავე უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ შეთანხმებებსა და კონვენციებში, რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.” - ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ყველა არასრულწლოვნის, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძალადობის მსხვერპლთა ან მოწმეთა, უსაფრთხოება, ხელისუფლების მიერ გარანტირებული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა.

UNICEF-მა შეშფოთება გამოთქვა აგრეთვე, ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის 2012 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში, და სთხოვა მთავრობას ადეკვატური და დროული რეაგირება.

”სხვა საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და მზად არის გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ამ სფეროში ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.” - ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში.

 

კომენტარები