სასჯელაღსრულების სისტემა

Human Rigths Watch პატიმართა ცემის ფაქტებს გამოეხმაურა

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტებს გამოეხმაურა. უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას პატიმრების ცემის ფაქტების სასწრაფო გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

"მსჯავრდებულებზე სექსუალური და სხვა სახის ძალადობაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სასჯელაღსრულების მინისტრმა გააკეთა განცხადება დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლისა და რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, თუმცა პატიმრების ცემა და ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და არ შეიძლება, დამნაშავეებზე მხოლოდ დისციპლინარული სანქცია ვრცელდებოდეს", - აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

სამხრეთ კავკასიაში Human Rights Watch-ის წარმომადგენელის, გიორგი გოგიას განმარტებით, პატიმართა ცემის ფაქტების ამსახველი სხვადასხვა დროს გადაღებული კადრები სასჯელაღსრულებაში არსებულ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება იყოს სრულყოფილი და ეფექტური, ასევე უნდა მოხდეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.

კომენტარები