შსს-მ გლდანის მერვე საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავა. ძებნაა გამოცხადებული საპყრობილის ოპერატიულ მორიგეზე, ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეზე.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.’’-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებებმა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ვიდეოფირზე დაფიქსირების სანაცვლოდ, სოლიდური ფულადი ანაზღაურების შეთავაზება, ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.
,,ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება ’’-ნათქვამია განცხადებაში.




