თავდასხმა

ლიბიაში აშშ–ის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს

ლიბიის მთავრობამ 11 სექტემბერს ქალაქ ბენღაზიში აშშ–ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმასა და ამერიკელი დიპლომატების მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

ქვეყნის ახალი პრემიერის მუსტაფა აბუ შაკურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ლიბია აშშ–სთან ერთად იკვლევს, იყო თუ არა შეერთებული შტატების უწყებაზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი. ლიბიის პრემიერმა ინტერნეტით გავრცელებულ ანტიისლამურ ფილმზეც ისაუბრა, რომელმაც მუსულმანური სამყაროს პროტესტი გამოიწვია. მისი თქმით, ფილმით გამოწვეული აღშფოთება არ ამართლებს ძალადობას.

უცხოური მედიით აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ–ში გადაღებული სამოყვარულო ფილმის ავტორი, რომელსაც სხვადასხვა მუსულმანურ ქვეყანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ამჟამად სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ ფილმს დემონსტრაციები მოჰყვა  ეგვიპტეში, იემენსა და ირანში. ლიბიაში აშშ–ის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად კი ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის აშშ–ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი დაიღუპა.

მომხდარის შემდეგ აშშ–ის მთავრობამ დიპლომატების დასაცავად ლიბიაში 50–კაციანი სპეციალური სამხედრო დანაყოფი შეიყვანა, გარდა ამისა, ლიბიის სანაპიროებთან განათავსა ორი სამხედრო ხომალდი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ლიბიაში მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.

 

კომენტარები