ნაციონალური მოძრაობა

ჩიორა თაქთაქიშვილი: ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 9 სექტემბერს გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის უარი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული სატელევიზიო დებატები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მას ჰყავდა ორი გამარჯვებული.

"პირველი გამარჯვებული ქართველი ამომრჩეველია, რომელმაც საქართველოს ისტორიის განმავლობაში პირველად ნახა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები. ამ დებატების მეორე გამარჯვებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი. მაყურებელმა მისგან შეიტყო, თუ როგორ გეგმავს ნაციონალური მოძრაობა დასაქმების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, სოფლის გაძლიერების პროგრამების განხორციელებას და 1 000-ლარიანი ვაუჩერით მოქალაქეების დახმარებას.” - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

გუშინ, 9 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სატელევიზიო დებატები შედგა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს - ვანო მერაბიშვილს, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილს შორის.

 

კომენტარები