ბრაზილია 2014

საქართველო 1:0 ბელარუსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო: თემურ ქეცბაიას ფეხბურთელებმა დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ბელარუსი 1:0 დაამარცხეს. ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა ბელარუსის ნაკრებს.

მატჩის ერთადერთი გოლი საქართველომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანა: ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მეურვეს აჯობა და მარცხენა ფლანგზე თორნიკე ოქრიაშვილს დაუგორა ბურთი, მარიუპოლის ილიჩევეცის შემტევმა ნახევარმცველმა კი ლამაზად მოატყუა ორი მეტოქე და ზუსტად დაარტყა - 1:0. ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში შეგორდა. ეს ყველაფერი 51-ე წუთზე მოხდა. ოქრიაშვილმა ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში პირველი გოლი შეაგდო.

საქართველოს ნაკრებს მანამდეც შეეძლო გოლის გატანა და დაწინაურების შემდეგაც: 24-ე წუთზე ბელარუსთა მეკარემ მოიგერია ჯაბა კანკავას ძლიერად დარტყმული ბურთი; 33-ე წუთზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს დავით თარგამაძემ, ჯანო ანანიძემ და ლევან მჭედლიძემ, თუმცა მისი დარტყმა მცირედით აცდა კარს; 38-ე წუთზე თარგამაძის აქტიურობას მეკარის საიმედო თამაში და კუთხური მოჰყვა; 52-ე წუთზე ოქრიაშვილმა არაზუსტი დარტყმით დაასრულა შეტევა; 54-ე წუთზე ბელარუსთა გუნდისთავმა სერგი ვერემკომ კიდევ ერთხელ მოიგერია მასპინძელთა კაპიტნის დარტყმული ბურთი...

სახიფათო მომენტები სტუმრებმაც შექმნეს, თუმცა ყველა შემთხვევაში საიმედოდ ითამაშა გიორგი ლორიამ. თბილისის დინამოს მეკარემ რამდენჯერმე მოიგერია სახიფათოდ დარტყმული ბურთი, მათ შორის ერთხელ საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტული მდგომარეობიდან. მთლიანობაში ლორიამ კარგად უხელმძღვანელა დაცვას, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, რის გამოც შესვენების შემდეგ ბელარუსთა შეტევებს სიმწვავე მოაკლდა.

საბოლოოდ 1:0 და პირველი 3 ქულა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეხუთედ ჩაერთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში და მხოლოდ მეორედ დაიწყო ციკლი გამარჯვებით: კორეა-იაპონია 2002-ის პირველ საკვალიფიკაციო თამაშში ქართველებმა ლიტვას კაუნასში 4:0 სძლიეს. ცნობისათვის: იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა აბუ დიაბის ერთადერთი გოლით ფინეთი სტუმრად დაამარცხა. 11 სექტემბერს თბილისი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს უმასპინძლებს, ფრანგები კი ჩვენგან ძლეულ ბელარუსებს დაუხვდებიან.

* * *

7 სექტემბერი, 2012. ბრაზილია 2014 - საკვალიფიკაციო მატჩი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 27000

საქართველო 1:0 ბელარუსი

გოლი: 1:0 თორნიკე ოქრიაშვილი (51)

საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, ბუბა დაუშვილი, ჯაბა კანკავა (კაპ), ჯანო ანანიძე (თორნიკე გორგიაშვილი 74), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ირაკლი სირბილაძე 82), ლევან მჭედლიძე (დავით კვირკველია 55)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ბელარუსი: ს.ვერემკო (კაპ), დ.პოლიაკოვი, ა.მარტინოვიჩი, დ.ვერხოვცოვი, მ.ჟავნერჩიკი (ს.ბალანოვიჩი 31), ი.ტიგორევი (ს.დრაგუნი 61), ა.კულჩი, რ.ბ.ბრესანი, პ.ნეხაიჩიკი (მ.ბორდაჩევი 27), ა.პუტილო, ს.კორნილენკო

მწვრთნელი: გიორგი კონდრატიევი

გაფრთხილება: ჯაბა კანკავა, ა.მარტინოვიჩი, გიორგი ლორია

მსაჯები: ს.ტოდოროვი; ნ.ანგელოვი, ვ.გავრილოვი (ბულგარეთი)

კომენტარები