გუშინ, 5 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა გადაშენების პირას მისული თეთრი წეროების რამდენიმე წარმომადგენელს ფრენის გაკვეთილი ჩაუტარა. პუტინი მოტოდელპლანში ჩაჯდა და დასავლეთ ციმბირში მცხოვრები ფრინველების ბელადის როლი შეასრულა.
სტერხებს - წითელ წიგნში შეტანილ წეროების ჯიშს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა წმინდა ფრინველებად მიიჩნევს. ისინი ადგილობრივი პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღმერთის ჰიპოსტასებად მიიჩნევიან. ციმბირელ ხალხებს სწამთ, რომ სტერხის მეშვეობით ღმერთი ადამიანებს ეცხადება. თუმცა წეროები, ინდოელი და ირანელი ბრაკონიერების მსხვერპლი ხდებიან, სადაც ისინი გამოსაზამთრებლად მიფრინავენ. სტერხების რაოდენობა რამდენიმე ათეულამდეა შემცირებული.
გადაშენების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერები უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ ტყვეობაში ზრდიან, შემდეგ კი ველურ ბუნებასთან ადაპტაციაში ეხმარებიან. დელტაპლანის მეშვეობით მათთვის ფრენის სწავლება ამ ადაპტაციის ერთი ნაწილია. წეროები მოტოდელპლანს გუნდის ბელადად მიიჩნევენ და მას გამოსაზამთრებლად უსაფრთხო ადგილებში მიჰყვებიან. ადამიანები, რომლებიც მათ უვლიან სპეციალურ თეთრ კოსტუმებს იცვამენ, რომელიც ზრდასრული წეროს გარეგნობას იმიტირებს.
ვლადიმერ პუტინი სწორედ ასეთ თეთრ კოსტუმსა და თეთრ ჩაფხუტში გამოეწყო, იმისთვის რომ წეროები ფრენაში გაეწაფა. ფრინველებმა პუტინი ალფა-წეროდ მიიღეს და მას გაჰყვნენ. წეროს კოსტუმში გამოწყობილ პუტინს ხუთი ფრინველი მაშინვე გაჰყვა, თუმცა მათგან ბოლომდე მხოლოდ ორმა შეძლო ბელადთან ერთად ფრენა. სამი ჩამორჩა. სავარაუდოდ, ფრენის გასაგრძელებლად ძალა არ ეყოთ. მიწაზე დაბრუნებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სასიამოვნო შეგრძნებები გაუზიარა.
ამ მოვლენის გაშუქებაზე უარის თქმის გამო, რუსული გაზეთის «Вокруг света»-ას ჟურნალისტმა, მარია გესენმა თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, რედაქციასა და დირექციას შორის წარმოიშვა კონფლიქტი, სადაც უკანასკნელი პუტინისა და წეროების ამბის გასაშუქებლად, კორესპონდენტის გაგზავნას მოითხოვდა, რაც მან რედაქციის პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნია.