მხატვრობა

გრაფიტის უძველესი მხატვრები

ხელის ანაბეჭდები. ბორნეო, ინდონეზია

რამდენიმე წლის წინ, ბრიტანეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ვიღაცის უცნობმა ხელმა გამოფინა კლდის პატარა ფილაზე შესრულებული გრაფიკული ნახატი, რომელიც, ერთი შეხედვით, პრეისტორიული პერიოდის ტიპურ მხატვრობას მოგაგონებდათ. კარგად თუ დააკვირდებოდით, დაინახავდით, რომ ფილაზე პრიმიტიულად გამოსახული კაცუნა „საშოპინგე” ურიკას მიაგორებდა, შორიახლოს კი ბიზონის ისრებგაყრილი ფიგურა მოჩანდა. ნამუშევრის ქვეშ წარწერის წაკითხვის შემდეგ კი მიხვდებოდით, რომ ვიღაც დროსა და ეპოქებს აშკარად გაეხუმრა. ნამუშევრის სათაური გახლდათ: „უძველესი ადამიანი მარკეტში მიდის”. და იქვე თარიღიც იყო მიწერილი: პოსტკატატონიური ერა.

ამ ხუმრობის, უფრო სწორად კი აქციის ავტორი 21-ე საუკუნის ყველაზე სკანდალური გრაფიტის არტისტი – ბენკსი გახლდათ. თავისი ჩვეული ანონიმურობის შენარჩუნების მიზნით, ის მუზეუმის დირექციასთან მოლაპარაკებას ტელეფონით, უცნობი ქალის დახმარებით აწარმოებდა. ბენკსის პროტესტი მიმართული იყო ქუჩის არტის დაუცველობისა და გრაფიტისადმი მუნიციპალური სამსახურების გულგრილობის წინააღმდეგ. პროტესტისთვის მან Cave Art (გამოქვაბულის მხატვრობა) და პრეისტორიული ხანის მხატვრების მანერა და სტილი აირჩია, როგორც Street Art-ის (ქუჩის არტის) უძველესი მონათესავე ჟანრი. და ქუჩიდან საგამოფენო სივრცეში შეიტანა.

დღეს Cave Art თანამედროვე ხელოვნების მძლავრი ინსპირაციის წყარო და, ამავე დროს, მეცნიერებისთვის ჯერაც ამოუცნობი ფენომენია. უძველესი ადამიანის მიერ შექმნილ ნახატებს არქეოლოგები, ეთნოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები და არტკრიტიკოსები კომპლექსურად იკვლევენ, მაგრამ მიუხედავად გაუთავებელი კვლევებისა და ახალ-ახალი აღმოჩენებისა, მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს პრეისტორიული არტის დაბადების მიზეზები – რატომ დადგა უძველესი ადამიანი გამოქვაბულის ცარიელ კედელთან, როგორც დიდ, სუფთა ფურცელთან და რატომ მოუნდა მასზე სხვადასხვა გამოსახულებების დახატვა? ამ ამოუხსნელ ქცევას მეცნიერები ხან რელიგიური რიტუალების დაბადებას უკავშირებენ, ხან კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებას. ყველაზე მეტად გასაკვირი კი ის არის, რომ პალეოლითის ეპოქის მხატვრობაში ევოლუციისა და განვითარების კვალს ვერ ვხვდებით – უძველესმა ადამიანმა პირდაპირ შედევრების შექმნით დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა.

“Mira, papa bueyes” („მამა, აქ ძროხებია”) – ეს ცნობილი რეპლიკაა, რომელიც ალტამირას გამოქვაბულის და საერთოდ, პრეისტორიული მხატვრობის პირველ აღმოჩენას უკავშირდება. მაშინ, როდესაც 1879 წელს ესპანეთში, კანტაბრიას პროვინციაში თვითნასწავლი არქეოლოგი მარსელინო სან დე საუტუოლა თავის 9 წლის გოგონასთან ერთად შევიდა მღვიმეში, ამ უკანასკნელმა გამოქვაბულის მოხატული ჭერი დაინახა: ბიზონების ჯოგი, ორი ცხენი, გარეული ღორი, ირემი – მთელი კოლექცია, რომლის ფუნქციაზე თუ ტექნიკური შესრულების სირთულეზე დღემდე ბევრს ფიქრობენ. ნახატები სამ

ლასკოს გამოქვაბული
ფერშია შესრულებული. გამოყენებულია: ოხრა, ხის ნახშირი და რკინის ოქსიდის ჟანგი. მოგვიანებით, სწორედ ამ პიგმენტებისგან შეიქმნება პოლიქრომული, სამ ფერში ბეჭდვა. ალტამირას კოლექციას მეცნიერები გვიანი პალეოლითის პერიოდს მიაკუთვნებენ და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 18 000-15000 წლის წინანდელ ნამუშევრებად მიიჩნევენ. მეცნიერებმა მას „სიქსტის კაპელაც” კი შეარქვეს.

2008 წელს, მკვლევრებმა ალტამირას მხატვრობა და ამ გამოქვაბულის ადამიანის მიერ ოკუპაცია კიდევ უფრო დააძველეს. ლოგიკურია, რომ მთელი ამ გრანდიოზული გალერეის შექმნას მხოლოდ ერთი მხატვრის სიცოცხლე ვერ ეყოფოდა და ის ათასწლეულების მანძილზე იქმნებოდა. ამიტომ ალტამირას ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 25 000 წლით დათარიღდა.

1940 წელს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში აღმოჩენილი ლასკოსა და მისი აღმომჩენი აბატი ბრელის ისტორია კი, ალბათ, კლასიკად დარჩება არტისა და არქეოლოგიის ისტორიაში. ლასკო თამამად შეიძლება შევადაროთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. ეს კომპლექსური გამოქვაბულია უამრავი საგამოფენო სივრცით. აქ დარბაზებს საკუთარი სახელებიც კი აქვს. მაგალითად: ხარების დარბაზი, გრავიურების პალატა, მკვდარი კაცის მაღარო, პასაჟი... ლასკოს კედლებზე ცხოველების, ადამიანის, აბსტრაქტული ფიგურების 2000-მდე გამოსახულებიდან ყველაზე ცნობილი სურათია ოთხი უზარმაზარი ხარი „ხარების დარბაზიდან” – ერთიმეორის პირისპირ მდგომი ბიზონების სიმეტრიული გამოსახულება. ხოლო ლასკოს ცნობილი ფეხებგადაჯვარედინებული ირემი ყოველთვის დაგვაფიქრებს გამოქვაბულის მხატვრის დახვეწილ, მაღალი კლასის ოსტატობაზე, შუქ-ჩრდილისა და პერსპექტივის ტექნიკის კარგ ცოდნაზე.

დღესდღეობით პრეისტორიული პერიოდის Cave Art ცენტრალური ევროპის (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია) 400-მდე მღვიმეშია აღმოჩენილი, რასაც ემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ საჰარის, სკანდინავიისა თუ ავსტრალიის პალეოლითის ხანის გამოქვაბულის მხატვრობა. National Geographic-ში ხშირად ქვეყნდება პალეოლითის მხატვრობის ახალ-ახალი აღმოჩენები, მაგრამ ჯერჯერობით მხატვრობის უძველეს „ტერიტორიად” რჩება სამხრეთ საფრანგეთის შოვეს გამოქვაბული, რომლის 3 დარბაზში 300-მდე ფიგურაა წარმოდგენილი. მამონტების, ლომების, ცხენების გამოსახულებებთან ერთად კლდის რამდენიმე პანელზე წითელი ოხრით შესრულებული ხელის ანაბეჭდები, აბსტრაქტული ხაზები, სიმეტრიული პეპლის გამოსახულება გვხვდება.

არქეოლოგებმა აქ ადამიანის საცხოვრებლის კვალს ვერ მიაგნეს. არის მხოლოდ ხატვისთვის საჭირო მასალის ნაშთები და სარიტუალო ნივთები. ასე რომ, Cave Art-ის ავტორი ერთდროულად მხატვარი, შამანი და ჯადოქარია. გარდა იმისა, რომ ის გამოქვაბულის არასწორი კედლებისა და ჭერის ზედაპირზე ხატავს კანონების სრული დაცვით, მისი წარმოსახვისა და

ხელის ანაბეჭდები. ბორნეო, ინდონეზია
ფანტაზიის უნარში მაქსიმალურადაა ჩართული ქვეცნობიერი და პროცესი შამანურ რიტუალებში გადაიზრდება. სწორედ ამიტომაა პრეისტორიული მხატვრობა ერთდროულად რეალისტური, თავისუფალი და თამამი, რის მიღწევასაც უკვე დიდი ხანია ცდილობს თანამედროვე არტი.

30 000 წლის თანამედროვე არტი – ასე უწოდებენ დღეს ხელოვნებათმცოდნეები პრეისტორიულ მხატვრობას, რომელმაც მართლაც გადატრიალება მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაში. მე-19 საუკუნის ბოლოს მისმა აღმოჩენამ მხატვრობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. „ალტამირას ბიზონები იმდენად ძველია, რომ ფაქტობრივად, ახალია, ანუ ეს ხატვის დასაწყისია. ჩვენ სწორედ მათგან უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ იმიტომ, რომ კლასიკური სილამაზე და რენესანსის მხატვრები – ხელოვნების დასასრულია”, – განაცხადეს მონემ და პიკასომ.

გამოქვაბულის მხატვრობის აღმოჩენის და იმპრესიონისტების დებიუტი პარიზში თითქმის ერთდროულად შედგა. ამიტომ მათზე ამ სიძველის გავლენა საკმაოდ დიდი იყო. 1867 წელს, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ერთმანეთის გვერდით გამოიფინა მანეს ნამუშევარი და ირმის ძვალზე შესრულებული გრავიურა პალეოლითური გამოქვაბულიდან. ხოლო 1905 წლის საშემოდგომო სალონის გამოფენაზე, მატისის, მორის დე ვლამინკის, ანდრე დერენის მკაფიო, ენერგიულმა ფერებმა და თითქოს დაუმუშავებელმა ნახატებმა პარიზი შოკში ჩააგდო. სწორედ მაშინ უწოდეს ამ ჯგუფს „ველურები” (Fauves) – მომავალში ფოვისტები.

„რომ არ ყოფილიყო პრეისტორიული მხატვრობა, მას თანამედროვე არტი შექმნიდა” – ეს ჯექსონ პოლაკის სიტყვებია. ის პალეოლითურ გამოქვაბულებში ხელის გამოსახულებებიან სტენსილებს სწავლობდა.

Tate Modern-ში დაცულ მიროს მწვანე, ყავისფერ და რუხ ფერებში შესრულებულ Series II-ის კომპოზიციაში გაფანტულ

ალტამირას გამოქვაბული
კენტ ფიგურებში Cave Art-ის სტილსა და ხელწერას ამოიცნობთ.

მხატვრობის ისტორიამ შარშან 100 000 წლით გადაიწია, როცა სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნთან ახლოს, ბლომბოს გამოქვაბულში (Blombos Cave) არქეოლოგებმა უძველესი მხატვრის სახელოსნოს მიაკვლიეს. არქეოლოგების აზრით, ეს ხატვის ტექნოლოგიის და უძველესი საღებავის შექმნის ყველაზე ძველი მაგალითია. უზარმაზარ ზღვის ნიჟარებში ჩარჩენილ წითელ საღებავში ოხრას, კვარცის, ხის ნახშირის, რკინის ოქსიდის ჟანგის, უცნობი მჟავისა და ცხოველთა ძვლის ცხიმის ნარევი გაშიფრეს.

გამოქვაბულში არ არის კერია და არც ტიპური საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი სხვა ნაკვალევი. კედლები წითლადაა შეღებილი. ადამიანები იქ სამუშაოდ მიდიოდნენ და ზღვის დიდ ნიჟარებს საღებავის კონტეინერებად იყენებდნენ. იქაურობა მანუფაქტურული წარმოების უძველეს ჩანასახზე მიგვანიშნებს. გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი კრისტოფერ ჰენშილვუდი ამ აღმოჩენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს – „ეს ამტკიცებს, რომ 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა ისეთივე აზროვნება დაიწყო, როგორც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებმა და თვითგამოხატვის შესაძლებლობები შექმნა, რასაც შემდგომ შემოქმედებითი აფეთქება მოჰყვა”.

ბენკსი და მასთან ერთად თანამედროვე არტი კი უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ უძველეს სტენსილებს. ამ რამდენიმე წლის წინ, ლონდონის ცნობილ The Cans Festival-ზე, ვატერლოოს სადგურის გვირაბში, მან კიდევ ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი შექმნა თავის უძველეს კოლეგასთან, გამოქვაბულის მხატვართან ერთად.

 

კომენტარები