საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით 780 ოქროსა და 1041 ვერცხლის მედალს გასცემენ. მედალოსანთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის სკოლების 300-მდე კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა და წარმატება უსურვა. 2011-2012 სასწავლო წელს იმერეთის რეგიონს 114 ოქროსა და 60 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. ოქროს მედლები მიიღეს აჭარის რეგიონის წარჩინებულებმაც, აჭარას 111 ოქროსა და 102 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. 2011-2012 წლისათვის ქვემო ქართლში 41 ოქროსა და 52 ვერცხლიმედალოსანია, ხოლო კახეთში- 75 ოქროს და 190 ვერცხლისმედალოსანი.
განათლებისა და მეცნეირების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეს პროექტი.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ,,ეროვნული სასწავლო გეგმით’’ რეგულირდება. 2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულთათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლებზე სახელისა და გვარის გარდა შესაბამისი წელიც არის მითითებული.




