განათლება

საჯარო სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება

სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში კვლავ გადასცემს მოსწავლეების ნაწილს სახელმძღვანელოებს. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, მიიღებს სახელმწიფოსაგან საჩუქრად სახელმძღვანელოებს. პროგრამის ფარგლებში სულ ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა. სახელმძღვანელოები მათ სკოლაში დახვდებათ. ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში ასევე დახვდება ნეტბუქი „ბუკი“.

გარდა ამისა, წელს პირველად სასკოლო სახელმძღვანელოები მთელ საქართველოში 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას ახლოს მყოფი სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. სკოლებში სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. 1 სექტემბრისთვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება შერჩეული სკოლების ჩამონათვალი. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ.

განათლების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpost.ge.

 

კომენტარები