Gallup World

მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის, საქართველოში თავს ყველაზე დაცულად გრძნობენ

სოციოლოგიურმა კომპანიამ Gallup World-მა 2011 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მსოფლიოს 143 ქვეყნის მოქალაქეებს შორის, უსაფრთხოების განცდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

კითხვაზე - რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს გვიან ღამით სეირნობისას? – საქართველოს საშუალო მაჩვენებელმა 91%-ს გადააჭარბა: მამაკაცთა 93% და ქალთა 90% მიიჩნევს, რომ გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში სეირნობა სრულიად უსაფრთხოა.

Gallup World-ის კვლევა აჩვენებს, რომ უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში 57%-ია, ევროპის ქვეყნებში - 65%, ხოლო  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაცულობის განცდა 51%-ს აქვს. ტენდენცია, რომ დაცულობის განცდა მამაკაცებს უფრო აქვთ, ვიდრე ქალებს, კვლევაში ჩართულ ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. 

გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ჩატარდა. Gallup World-მა 143 ქვეყნის მასშტაბით სულ 181 567 სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხა. კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ გააცნო. 

კომენტარები